ოპოზიცია თბილისის საკრებულოში კახა კალაძის მისვლას მოითხოვს

პუბლიკა

თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები თბილისის მერის, კახა კალაძის ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით საკრებულოში, რიგგარეშე სხდომაზე მისვლას მოითხოვს, – ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომდგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის მერი ვალდებულია, პასუხები გასცეს საზოგადოების შეკითხვებს.

„ჩვენ საკრებულოს, გვაქვს უფლება რომ დავიბაროთ დედაქალაქის მერი და დავუსვათ მას ბევრი კითხვა. შეუძლებელია დღეს ამ ვითარებაში გავაგრძელოთ ცხოვრება… მერი ვალდებულია მოვიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას“, – თქვა მან ბრიფინგზე.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრებს მერთან აქვთ შეკითხვები უსაფრთხოებასა და კორუფციაზე. მისი თქმით, რიგგარეშე სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება.

„ყველა ოპოზიციური პარტია, რომლებიც წარმოდგენილია თბილისის საკრებულოში და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელიც გაიმართება 31 ოქტომბერს 11 საათზე და ველოდებით, რომ ბატონი კალაძე მოვა, არ შეუშინდება იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს და გაგვცემს პასუხებს“, – თქვა საბა ბუაძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ მედიასთან განაცხადა, რომ საკრებულოში მისვლის საკითხს თავად გადაწყვეტს.

„საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება“, – თქვა მან.

საბა ბუაძის განცხადებით, თბილისის მერის პასუხი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ თანამდებობისთვის შეუფერებელი პასუხები მერისგან, რომ ის მოვა საკრებულოში, როდესაც ამას თავად ჩათვლის საჭიროდ, რაც კიდევ ერთხელ არის უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის გამოვლინება“, – თქვა მან.