ოპოზიცია ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტის კენჭისყრას აპროტესტებს

პუბლიკა

ზუგდიდის საკრებულოში 2017 წლის მოწვევის საკრებულო 2022 წლის თვითმმართველობის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობს. სხდომა თავმჯდომარემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სხდომა უფლებამოსილია, იმსჯელოს ბიუჯეტის პროექტზე, რადგან დეპუტატების უმრავლესობა სხდომას ესწრება.

თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლა სტვენით შეაწყვეტინა ანი წითლიძემ. ამ წუთებში საკრებულოს შენობაში მობილიზებულია პოლიცია და ცდილობენ, ძალის გამოყენებით დარბაზი დაატოვებინონ ანი წითლიძეს.

სხდომის პარალელურად საკრებულოს შენობის წინ აქცია იმართება, სადაც ოპოზიციონერები საკრებულოს მიერ ბიუჯეტის განხილვის ფაქტს აპროტესტებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ძველი მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ არ დაამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2022 წლის ბიუჯეტი.

მათი თქმით, 2017 წლის საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც 1 კვირაში სრულდება, ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს შესაძლებლობა ახალ საკრებულოს უნდა დაუტოვოს.

2021 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, ზუგდიდის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა.

ზუგდიდი

მეორე ტურში არჩევნები ერთ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთადერთი არაა, სადაც დღეს 2017 წლის მოწვევის საკრებულო ახალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული ბათუმშიც, სადაც ასევე იგეგმება 2022 წლის ბიუჯეტის მიღება.