საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ამნისტიის შესახებ მეორე, ოპოზიციის კანონპროექტი.
საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში დოკუმენტი შალვა შავგულიძემ, თეონა აქუბარდიამ და პაატა მანჯგალაძემ მიიტანეს.
შავგულიძის მტკიცებით, კანონპროექტი სრულად შეესაბამება შეთანხმების დოკუმენტის სულისკვეთებას.
„იქ არის აღნიშნული, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევისა და დაკავების… ანუ ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს. იმ მოვლენების დროს რა ბრალდებებიც აქვს წარდგენილი პოლიციის თანამშრომლებს, მათი ქმედებებია ამნისტირებული და აქციის მონაწილეებსაც რა ბრალიც აქვთ წაყენებული, მათი ქმედებებია“, – განმარტა მან.
ოპოზიციის კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება დაზარალებულის თანხმობის მექანიზმიც.
„ძალიან კარგი გამოსავალი მოვძებნეთ ჩვენს კანონპროექტში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სამართლიანად არის მითითებული შემდეგი რამ: დაზარალებულების თანხმობა საჭირო იქნება პოლიციელებისთვის, დაზარალებულის თანხმობა საჭირო არ იქნება დემონსტრანტებისა და ნიკა მელიასთვის, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, რომ 70 პოლიციელის თანხმობით მანიპულაცია შეიძლება დაიწყოს მომავალში“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
შავგულიძისვე თქმით, ხელისუფლების კანონპროექტში საუბარია არა არსებულ ნორმებზე, არამედ ჰიპოთეტურად შესაძლო ყველა მომავალ ბრალდებაზე.
ამნისტიის ორი ალტერნატიული კანონპროექტის რეგისტრაცია გუშინ, 27 აპრილის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.
შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკურმა მხარეებმა განაცხადეს, რომ ვერ მიაღწიეს კონსესუსს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” ამნისტიის პროექტით, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი ყველა დანაშაული ამნისტირებას დაექვემდებარება. ამასთან, იქვე იქნება დათქმა და მითითება კონკრეტულ მუხლზე (სსკ 117-ე), რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და მაკო გომურთან დაკავშირებული შემთხვევის ამნისტირებას გამორიცხავს. „ქართული ოცნება“ არ იზიარებს დაზარალებულთა თანხმობის პრინციპს.