პარლამენტში ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“  მიერ მომზადებული ამნისტიის შესახებ  კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტი ბიუროზე მომავალ სასესიო კვირაში გავა.

კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობს ოპოზიცია.

ოპოზიციის კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება დაზარალებულის თანხმობის მექანიზმი და ასევე, მათი ვერსიით, ამნისტია უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ პირებზე, ვისაც 20-21 ივნისის მოვლენებზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ.

ამნისტიის ორი ალტერნატიული კანონპროექტის რეგისტრაცია გუშინ, 27 აპრილის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკურმა მხარეებმა განაცხადეს, რომ ვერ მიაღწიეს კონსესუსს.

ოპოზიციის წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ კანონპროექტებს შორის განსხვავებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ ამნისტია უნდა შეეხოს იმ მუხლებს, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება აქციის მონაწილეებისა (სსკ 225-ე მუხლი) და პოლიციელების (სსკ 333-ე მუხლი) მიმართ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” ამნისტიის პროექტით, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი ყველა დანაშაული ამნისტირებას დაექვემდებარება. ამასთან, იქვე იქნება დათქმა და მითითება კონკრეტულ მუხლზე (სსკ 117-ე), რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და მაკო გომურთან დაკავშირებული შემთხვევის ამნისტირებას გამორიცხავს. „ქართული ოცნება“ არ იზიარებს დაზარალებულთა თანხმობის პრინციპს.

„დაზარალებულის თანხმობა შეიძლება სასპეკულაციო თემა გახდეს. როცა საუბარია მელიას მიმართ ბრალზე, ამას ჰყავს უამრავი დაზარალებული. ყველაფერი დაიწყო მელიას მოწოდებით შტურმთან დაკავშირებით და ყველა დანარჩენი, ვინც არის დაზარალებული, პრაქტიკულად მელიას დაზარალებულები არიან. წარმოიდგინეთ, ამით ახალი სპეკულაციისთვის უნდა გავხსნათ საფუძველი, როცა მოვითხოვთ დაზარალებულის თანხმობას. მგონი, არ არის მიზანშეწონილი ამის გაკეთება. ალბათ, სჯობს, ეს არ ჩაიწეროს, თუმცა დამატებით ვიმსჯელებთ ყველასთან, თუ ვინმე საპირისპიროში დაგვარწმუნებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ.

რა წერია მიშელის დოკუმენტში ამნისტიაზე:

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.