„მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ“ | კობახიძე ამნისტიის კანონპროექტებზე

პუბლიკა

პარლამენტში ამნისტიის შესახებ მმართველი პარტიის კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს, გუშინ მმართველი პარტიის წევრებს შეხვდნენ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოზიციები არსებითად ერთგვაროვანია და შესაძლებელი იყო ამნისტიის შესახებ ერთი კანონპროექტის წარდგენა.

„გუშინ ჩვენ გვქონდა განხილვა. არსებითად პოზიციები არის ერთგვაროვანი, თუმცა იქ ჩანდა, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა თვითმიზანი, რომ არ მიღწეულიყო შეთანხმება ერთიან კანონპროექტთან მიმართებაში, თორემ რეალურად პრინციპული განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ერთიც და მეორეც ითვალისწინებს რეალურად ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომლებიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან.  ჩვენს კანონპროექტშიც და მათ კანონპროექტშიც უზრუნველყოფლია ის, რომ ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს. შესაბამისად, პრინციპული სხვაობა არ არის. ამიტომ თავისუფლად შეიძლებოდა  ერთი კანონპროექტის ინიცირება.

ხაზს გავუსვამ აქ ერთ ფაქტორს – მუდმივად გვესმის საუბარი იმაზე, რომ მელიას ხან გირაო არ უნდა, ხან ამნისტია. ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ვერ გამოეტია ციხის კარიდან. რაც შეეხება გირაოს და ამნისტიას, განსაკუთრებით ამნისტიას, ორივე შემთხვევაში ეს არის მელიას გადასაწყვეტი. მელიას შეუძლია მიიღოს ამნისტიის კანონი, ან არ მიიღოს. ეს შესაძლებლობაც არის ასახული ამ კანონპროექტში, თუ მელია არ დაეთანხმება გირაოს, მასზე ამნისტიის კანონი არ გავრცელდება. ანუ ესეც არის უზრუნველყოფილი მისთვის.

…ნუ, ჩვენ მოძალადე მელიას მაინც შევიწყალებთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუ უნდა შემოვიდეს ან არ შემოვიდეს პარლამენტში, ეს მისი გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს და ვერ მოხერხდება შეჯერება, ეს იქნება შეთანხმების წინააღდეგ წასვლა.