შევასრულებთ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და დავაინიცირებთ ამნისტიის შესახებ კანონპრექტს - ოხანაშვილი

პუბლიკა

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების 2 კანონპროექტის ინიცირება მოხდება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ამნისტიის შინაარსთან დაკავშირებით. ამიტომ ხელისუფლება კანონპროექტის საკუთარი ვერსიის ინიცირებას მოახდენს, ოპოზიციის კანონპროექტი კი დაფიქსირდება ხვალ.

უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ბრიფნგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დააინიცირონ ამნისტიის შესახებ კანონპრექტი.

„ქართული ოცნების” ამნისტიის პროექტით, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი ყველა დანაშაული ამნისტირებას დაექვემდებარება. ამასთან, იქვე იქნება დათქმა და მითითება კონკრეტულ მუხლზე, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და მაკო გომურთან დაკავშირებული შემთხვევის ამნისტირებას გამორიცხავს.

 „საზაგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპრაკებები შარლ მიშელის ეგიდით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საბოლოოდ საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ, 2021 წლის 19 აპრილს, ხელმოწერილი იქნა კონკრეტული შეთანხმება. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიკისრეთ მთელი რიგი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ამის შესაბამისად, შეთანხმებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი შეეხება ამნისტიის აქტის გამოცემას.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვმართავდით საკმაოდ საქმიან და ინტენსიურ შეხვედრებს იმ ოპოზიციურ ჯგუფებთან, რომლებიც არიან შეთანხმების ხელმომწერი. ჩვენ გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. პრინციპების დონეზე, ძირითადი თანხვედრა არის იდეებში და ძირითად საკითხებში, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპრექტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.