პროექტი არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ამნისტირებას, როგორიცაა გომურის შემთხვევა - სარჯველაძე

პუბლიკა

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების 2 კანონპროექტის ინიცირება მოხდება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ამნისტიის შინაარსთან დაკავშირებით. ამიტომ ხელისუფლება კანონპროექტის საკუთარი ვერსიის ინიცირებას მოახდენს, ოპოზიციის კანონპროექტი კი დაფიქსირდება ხვალ.

„ქართული ოცნების” ამნისტიის პროექტით, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი ყველა დანაშაული ამნისტირებას დაექვემდებარება. ამასთან, იქვე იქნება დათქმა და მითითება კონკრეტულ მუხლზე, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და მაკო გომურთან დაკავშირებული შემთხვევის ამნისტირებას გამორიცხავს.

„ამნისტირება გულისხმობს იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას, ოღონდ არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ამნისტირებას, როგორიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა. ეს ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტში კონკრეტული გამონაკლისის სახით იქნება. ძირითადი განსხვავებული მოსაზრებები, რაც ოპოზიციასთან დარჩა, მდგომარეობს იმაში, რომ მათ კიდევ დამატებითი შეზღუდვების ჩადება სურდათ – კერძოდ კი, მომავალში სხვა კვალიფიკაციით აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით ამნისტიის გავრცელების გამორიცხავს.

ჩვენ გვექნება კიდევ დისკუსიები და იმედი მაქვს, ოპოზიციას ჩვენს მოსაზრებებზე დავითანხმებთ. ხელმოწერილ შეთანხმებაში მითითებულია ყველა სამართალდარღვევის ამნისტირების შესახებ, რომელიც 20-21 ივნისს უკავშირდება. ამნისტიის კონკრეტული მუხლებით დავიწროვების თაობაზე შეთანხმებაში მითითებული არ არის. ოპოზიციის მხრიდან არ არის სწორი შეთავაზება, რომ ამნისტია მხოლოდ იმ მუხლებზე გავრცელდეს, რომელიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხება”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.