ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მეორე ტურში და დაიკავოს მანდატები – ევროპარლამენტარი

პუბლიკა

„ყველა საჩივრის სამართლიანად და გულდასმით განხილვის პარალელურად ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს არჩევნების მეორე ტურში და დაიკავოს მოპოვებული მანდატები“, – ამბობს ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი.

ევროპარლამენტარის თქმით, ყველა დასაბუთებული საჩივარი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა, უნდა განიხილონ საფუძვლიანად და გულდასმით, კანონმდებლობასა და უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობით.

„ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან პირველი ტურის შემდეგ დამდგარი შედეგით, განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების მეორე ტურს და პარლამენტის შეკრების შემდეგ არ დაიკავებენ კუთვნილ მანდატებს. მტკიცედ მჯერა, რომ მიზანმიმართული მცდელობა, შეაფერხონ დემოკრატიისთვის სასიცოცხლო ინსტიტუტების ფუნქციონირება, სავალალოა“, – ამბობს ევროპარლამენტარი კალიურანდი.

იგი მიესალმება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რათა დაძაბულობა განიმუხტოს. კალიურანდის თქმით, მას სჯერა, რომ ევროატლანტიკური თანამშრომლობა საქართველოსთვის სტაბილურობის გარანტია.

„მოუთმენლად ველი ახლად არჩეულ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას”, – ამბობს კალიურანდი.


ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ისაუბრებდნენ.