პოზიცია უცვლელია | ოპოზიცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აფასებს

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ისაუბრებდნენ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ შეკითხვებს უპასუხეს.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა 2020 წლის არჩევნები შეაფასეს და ოპოზიციას მოუწოდეს, მომდევნო არჩევნების უკეთ ჩასატარებლად პარლამენტის შიგნიდან იბრძოლონ.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის პოზიცია უცვლელია.

„მზად ვართ, ვიმუშაოთ კონსტრუქციულად; დიალოგის რეჟიმში გაგრძელდეს  ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ახალი არჩევნების, რომელიც უნდა გაიმართოს სხვა ადმინისტრაციისა და, ასევე, შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რაც გამორიცხავს მანიპულაციებს და იმ გაყალბებას, რომელიც აღინიშნა 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება და მათი მოთხოვნები ძალაშია.

„კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენი მოთხოვნები ძალაშია და ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება. ჩვენ ავუხსენით, რომ ძალიან მარტივია მოწოდება, რომ პარლამენტში შევიდეთ და იქ რაღაცაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ გამოცდილია, რომ პარლამენტში, სამწუხაროდ, არაფერი არ იცვლება. ამიტომ წინასწარ უნდა შევთანხმდეთ ყველა საკითხზე, რომელზეც შეიძლება ვიმსჯელოთ პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც ხაზს უსვამს, რომ პარლამენტში არც ერთი პარტია არ შევა და ამ რეალობაში ეს შეუძლებელია.

„პარლამენტში შესვლა ამ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ, შეუძლებელია. არც ერთი პარტია არ შევა, შემიძლია გითხრათ. გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელსაც შეიძლება მივაღწიოთ იმ მოლაპარაკების მაგიდაზე, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები რომ უკეთებენ მოდერაციას.  სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, დავით ბაქრაძეს. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან გამოსავალი არის ერთმნიშვნელოვანი – ახალი არჩევნები.

„რა თქმა უნდა, ყველას აწუხებს და, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებსაც შექმნილი კრიზისი. კარგად აცნობიერებენ, რამხელა კრიზისში შევიდა ქვეყანა ამ არჩევნების შედეგად. ამიტომ იყო საუბარი გამოსავალზე. ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან გამოსავალი არის ცალსახად – ახალი არჩევნები, “- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშილი.

„რა გვითხრა მნიშვნელოვანი სახელმწიფო დეპარტამენტმა პრესბრიფინგზე, ობიექტურად და სამი წინადადებით:

1. არჩევნების შედეგების უზუსტობის ხარისხი უფრო მასშტაბურია, ვიდრე თავიდან ჩანდა; 2. ცესკოს როლი არჩევნების არასანდოობაში გამოიკვეთა უფრო ნათლად; 3. მიუხედავად ამისა, არ ფიქრობენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი გამოსავალია“, – წერს სალომე სამადაშვილი.