ოპოზიციასთან კონსულტაციას და ხვეწნას არ ვაპირებთ - მდინარაძე იმპიჩმენტზე

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ორშაბათს, 4 სექტემბერს შეიკრიბება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებისთვის საჭირო ხელმოწერებს შეაგროვებს.

მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი, სავარაუდოდ, არ მოჰყვება, რადგან „ოპონენტები გადაეფარნენ ადამიანს, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები“.

„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა, ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მათთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა, რომ ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში.

…ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას“,- განაცხადა მდინარაძემ.