ოპოზიციის მოდელს არაფერი აქვს საერთო გერმანულთან, უფრო გაჯერებულია ავღანური ელემენტებით – მდინარაძე

პუბლიკა

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს საარჩევნო სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი მხრიდან კომპრომისი უკვე იყო საარჩევნო მოდელთან დაკაშირებით და ახლა ოპონენტების ჯერია.

„ჩვენ, პრაქტიკულად, კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდაზე დავდეთ. ეს იყო 100/50. ასევე, განვაცხადეთ, რომ ეს იქნება ერთჯერადი – 2020 წლის არჩევნებზე მხოლოდ და არ ვეხებით კონსტიტუციას ამ მხრივ. ეს მოლაპარაკების საგანს არ წამოადგენს. ეს ორმაგი კომპრომისია. მათი მხრიდან კი კომპრომისი არ მოგვისმენია. ისინი დარჩნენ თავდაპირველ ვერსიაზე, რასაც დაარქვეს გერმანული მოდელი და რასაც გერმანულ მოდელთან საერთო არაფერი ჰქონდა, მცირე დეტალების გარდა. უფრო გაჯერებული იყო მაჟორიტარული ნაწილი ავღანური ელემეტებით. შესაბამისად, დღემდე ველოდებით მათი მხრიდან კომპრომისულ ვარიანტს, რასაც ასევე ელოდება ჩვენი მთავარი სტარტეგიული პარტნიორი ამერიკა და ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ისინც მოუწოდებენ ოპონეტებს დიალოგის მაგიდაზე დაბრუნებისაკენ“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომაა დაგეგმილი, მოგვიანებით კი პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესია, რომელზეც, სავარაუდოდ, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს. გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

პარალელურად, პარლამენტის შენობასთან ოპოზიცია  და აქტივისტები აქცის მართავენ. გადაკეტეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი.