პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ხელმძღანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან გააკეთა კომენტარი.
ლილუაშვილი ამბობს, რომ განხილვის დახურულ ნაწილში მან დეპუტატების ყველა შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი და ისაუბრა საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა საკითხზე.
ლილუაშვილმა განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენა დაუხურლ ფორმატში მიმდინარეობს, ვინაიდან უსაფრთხოების საკითხები განიხილება.
„როგორც დასმული შეკითხვა, ისე მასზე გაცემული პასუხი რიგ შემთხვევებში შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ არის სასურველი, ყველამ, დედამიწის ზურგზე მტერმა თუ არამტერმა მოისმინოს და გაიგოს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მან სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციის გასვლაზეც გააკეთა კომენტარი:
„ოპოზიციის ნაწილმა დასვა შეკითხვები და პასუხებს აღარ დაელოდა, თუმცა, უფრო ინტერესის მქონე ნაწილი, ოღონდ ძალიან მცირე ოდენობით, რამდენიმე ადამიანი დარჩა. მოისმინეს თავიანთ დასმულ შეკითხვებზე პასუხები, ასევე სხვა კოლეგების შეკითხვებზე გაცემული პასუხებიც, რაც ჩემი მხრიდან ამომწურავი იყო. მათ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ გასჩენიათ, ყოველ შემთხვევაში, ვინც სცადა, რომ ინფორმაცია მიეღო, სრულყოფილად წაიღო.
რაც შეეხება საზოგადოების ინტერესს, საზოგადოების ინტერესი არის ბევრ საკითხზე, მათ შორის ვისაუბრეთ რუსი ტურისტების შემოდინებაზე, ჰიბრიდული ომის მეთოდებზე, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ნებისმიერი შეკითხვისთვის. ამას ჩვენ ვახორციელებთ როგორც წერილობითი სახით, როდესაც არის მომართვიანობა, მათ შორის უბრალო მოქალაქის მხრიდანაც კი. თუკი ინფორმაცია დასაშვებია და არ დააზიანებს სამსახურის, ქვეყნის ინტერესს, ჩვენ ამას სიამოვნებით ვაკეთებთ“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.
ანგარიშის დოკუმენტის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა პარლამენტში საზოგადოებისთვის დაიხურა. ინიციატივა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა.
პარლამენტში სუს-ის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში მოისმინა.