ლილუაშვილთან დახურულ ფორმატში საუბარს მართებულად არ მივიჩნევ - დეკანოიძე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა პარლამენტში საზოგადოებისთვის დაიხურა. ინიციატივა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა.

სხდომის დახურვის შემდეგ ფრაქცია „ენმ – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, რომ მას მართებულად არ მიაჩნია გრიგოლ ლილუაშვილთან დახურულ ფორმატში საუბარი.

„დახურულ ფორმატში საუბარს ლილუაშვილთან, რომელსაც ნაწილობრივ დამნაშავედ მივიჩნევ, რადგან რეალურად, ის ახორციელებს ფარულ თვალთვალს და მიყურადებას, მართებულად არ მივიჩნევ“, – განაცხადა მან.

დეკანოიძე ამბობს, რომ მას შეკითხვები ჰქონდა ფარულ მიყურადებაზე, აქტივისტების დარბევებზე, კორუფციასა და სხვა თემებზე.

ოპოზიცია ლილუაშვილთან განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორის ასახელებდა ასევე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სხდომის დახურვის საბაბი არ არსებობდა.

„[სხდომის დახურვა] მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია, ბევრ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ აქვს და არა იმაზე, რომ განსაკუთრებულ საიდუმლო ინფორმაციაზე აპირებენ საუბარს“, – თქვა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ ოპოზიციას შეკითხვები არ ჰქონდა და მათ შოუს მოწყობა სურდათ.

„მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რეალურად მათ კონკრეტული ინფორმაციის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ შოუების დადგმა უნდოდათ. ცხადია, ამის შესაძლებლობა მათ არ მიეცემოდათ, რადგან საუბარია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“, – განაცხადა კახიანმა.

პარლამენტი სუს-ის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშს უსმენს.