ოპოზიციის წარმომადგენლები საბურთალოს საოლქო კომისიასთან აქციას მართავენ

პუბლიკა

საბურთალოს საოლქო კომისიასთან ოპოზიციური პარტიები კვლავ მივიდნენ და მოითხოვენ, უბნებზე ხმების გადათვლას დაესწრონ.

როგორც პარტიის, „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, ოპოზიციას საოლქო კომისიაში ეუბნებიან, რომ მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებს არ აქვთ უფლება, მონაწილეობდნენ კომისიის სხდომაში.

„თუმცა, იურისტების განმარტებით, მათ უფლება აქვთ, რომ დაესწრონ სხდომას – მონაწილეობის მიღება სხვაა და დასწრება სხვა. დასწრებაზეც კი უარი უთხრეს [კანდიდატებს]. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საოლქო კომისია ხალხის ინტერესით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომ არ გაჩნდეს კითხვები, რომელიც ისედაც ბევრია“, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ საჭიროა თავიდან ბოლომდე გადაითვალონ ყველა ბიულეტენი.

„აქ რომ ყაჩაღები და უმსგავსო ხალხია, ამას რად უნდა ლაპარაკი? ამათ ვალდებულება არ აქვთ, რომ შეგვიშვან [საოლქო კომისიაში], თორემ უფლება აქვთ. გუშინაც ჩემი, ჩვენი უფლება დაარღვიეს და დღესაც დაარღვევენ, თუმცა ახლა ამათთან კიდევ ჯაჯგურს არ ვაპირებთ. ახლა ყველა ოქმის გადათვლა უნდა მოვითხოვოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ამაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამოცანა დღეს არ გავქვს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

გუშინ, 4 ნოემბერს ასევე ხმაური იყო სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ თავიანთ წარმომადგენლებს შენობებში არ უშვებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, საარჩევნო კომისიები საჩივრებს განუხილველად ტოვებენ.