აქციები საოლქო საარჩევნო კომისიებთან | დაკავებულია 3 ადამიანი

პუბლიკა

დღეს, 4 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს სხდომები, სადაც საჩივრები განიხილება. ამის პარალელურად 20:00 საათიდან სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. უბნებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, თავიანთ წარმომადგენლებს შენობებში არ უშვებენ. მათ საჩივრების განხილვაზე დასწრება სურთ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიები საჩივრებს განუხილველად ტოვებენ.

„მონებო!“, „ჟვანია ციხეში!“ – ისმის აქციაზე შეძახილები.

ქვეყნის სხვადასხვა წერტილში აქციები ხმაურისა და საპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, როგროც ტელევიზიების მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შეხლა-შემოხლის დროს მინის ჩამომტვრევის შედეგად მიიღეს.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავებულია 3 ადამიანი. გამოძიება კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრლიმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმრჩილებლობას გულისხმობს.

ხმაურია წყალტუბოს, ისნისა და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებთანაც.

რამდენიმე წუთის წინ ცესკოს წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ადგილი აქვს გარკვეული არაუფლებამისილი პირების მიერ მცდელობას – დაესწრონ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს, ამასთანავე ადგილი აქვს ზეწოლის  მცდელობას“.

ცესკო განმარტავს, რომ საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ასევე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ერთ ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ორ საერთაშორისო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად და ასევე აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.