ოპოზიციონერი პოლიტიკოსები: უნდა დაისაჯოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური 

პუბლიკა

ოპოზიციონერი დეპუტატები შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დასჯას მოითხოვენ.

მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და 30 აპრილი-1 მაისის ღამით სპეცრაზმის მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას და ლევან ხაბეიშვილის ცემას გამოეხმაურნენ.

მათი შეფასებით, ის, რაც ხდება, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკვეთილი ბოროტი და დანაშაულებრივი ქმედებებია.

„ღამემ გვაჩვენა, რომ მათ საქართველო და მისი მოქალაქეები არა თუ არ ადარდებთ, არამედ ქალები და ბავშვებიც კი იყვნენ მათი უხეში ძალის გამოყენების სამიზნე.

მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერების წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს საქართველოს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური”. – ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

ოპოზიციონერი დეპუტატებისვე განცხადებით, ისინი ერთხმად გმობენ იმ ძალადობას, რაც საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ხმის გაგრძელებას პარლამენტში. გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას თქვენთან ერთად. ამ ქმედებებით მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას დღეს, როცა 20 წლის იუბილეს ზეიმობს ევროკავშირი”. – განაცხადეს მათ.

30 აპრილი-1 მაისის ღამეს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმი, წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დემონსტრანტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით 63 ადამიანი დააკავეს.