ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს გენდერული კვოტირების შემცირების ინიციატივას

პუბლიკა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ ცვლილებას, რაც შეასუსტებს ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობას, შეაფერხებს არსებითი თანასწორობის მიღწევას და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას არსებითად შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული (პროპორციული) სიების შედგენის წესი. ცვლილების თანახმად: პოლიტიკური პარტია ვალდებული იქნება 2028 წლამდე ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა არჩევნებისთვის ისე შეადგინოს პარტიული სია, რომ სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

„ეს ინიციატივა არსებითად აუარესებს საარჩევნო კოდექსის არსებულ ნორმას, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ავალდებულებდა, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი ჰყოლოდა.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებზე მუშაობისას თანამშრომლობდა კანონპროექტის ინიციატორებთან და არსებობდა შეთანხმება, რომ მიმდინარე საარჩევნო რეფორმა გენდერულ კვოტას საერთოდ არ შეეხებოდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ცვლილებები მოულოდნელად აისახა კანონპროექტში პირდაპირ მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე, მაშინ, როცა, პირველი მოსმენისას, პრინციპების განხილვის დროს, ეს საკითხი საერთოდ არ დასმულა და შესაბამისად, არც განხილულა საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე. საგანგაშოა, რომ ეს სიახლე კანონპროექტში დაინტერესებული საზოგადოების ყოველგვარი მონაწილეობის და დისკუსიის გარეშე, ფაქტობრივად, კონსპირაციულად დილის 5 საათზე გაჩნდა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა ამ ცვლილების ინიცირების შესახებ მხოლოდ საკომიტეტო განხილვის მეორე დღეს შეიტყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი – აღნიშნული ცვლილება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში შევა.

საკითხი 22 ივნისს, დილის 03:19 წუთზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა, რომელზეც კანონპროექტი მეორე მოსმენით იქნა განხილული.

ამჟამად, კანონის მოქმედი რედაქციით სიაში ყოველი მეორე წარმომადგენელი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ცვლილებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის იგივე სტანდარტი დაწესდება, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გათვალისწინებული.