რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა, ერთი ხელის მოსმით წაგვართვას თანასწორობის უფლება - ნაცვლიშვილი კანონპროექტზე

პუბლიკა

„ლელო საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ქალთა უფლებადამცველებთან ერთად პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ კანონში იმ ჩანაწერის შეცვლას და გაუარესებას აპირებს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს ავალდებულებდა საარჩევნო სიებში ყოველი მეორე ყოფილიყო ქალი, რაც მისი შეფასებით არის უპრეცედენტო მაგალითი პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა ჯერ არამოქმედებულ ნორმას აუქმებენ.

„ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ დავაფიქსიროთ სრული მოუღებლობა იმ ცვლილებების მიმართ, რომლის გატანასაც აპირებს მმართველი ძალა „საარჩევნო კოდექსში“. ეს არის უპრეცედენტო მაგალითი პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა ჯერ არამოქმედებულ ნორმას აუქმებენ. ეს ეხება ქალთა კვოტირებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. როცა მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ თვითმმმართველობის არჩევნებზე ყველა პარტია ვალდებული იყო ყოველი მეორე ყოფილიყო განსხვავებული სქესის, ამ დიდი ბრძოლის შედეგს ერთი ხელის მოსმით უპირებს გაუქმებას „ქართული ოცნება“ და როდის გააკეთა ეს, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც შუადღის ოთხი საათიდან დილის 4 საათზე მიმდინარეობდა.

როცა უკვე შეუძლებელი იყო ამ პროცესში ჩართულობა, მე პარლამენტი დავტოვე იმ დღეს დილის სამის ნახევარზე. იმ დროს როცა ეს საკითხი დაისვა უმრავლესობის წევრის მხრიდან, დარბაზში არ იჯდა არც ერთი ქალი და ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა, ასე ერთი ხელის მოსმით წაგვართვას თანასწორობის უფლება. ეს საკუთხი არ დადის მათემატიკამდე. ეს არის ღირებულებების საკითხი, ჩვენ ამას არ შევეგუებით,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ქურდულად, მალულად და შეუთანხმებლად შეცვალეს ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში და სიურპრიზი გაგვიკეთეს ქალებს, არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ქალები თუნდაც, 30 პროცენტით იყვნენ წარმოდგენილნი თვითმმართველობებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ორგანიზაცია „საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტში განაცხადა.

„როცა კვოტების კანონმდებლობას იღებდა „ოცნება“ და შემოგვთავაზეს 20 – პროცენტიანი კვოტები, მაშინ დაგვპირდნენ, რომ ვინაიდან ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადადიოდა, ნელ- ნელა ეს კვოტაც გაიზრდებოდა და გახდებოდა 30 პროცენტი. დღეს, როცა იზრდება პროპორციული სია, მათ შეცვალეს ეს ქურდულად, მალულად და შეუთანხმებლად და სიურპრიზი გაგვიკეთეს ქალებს, არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ქალები თუნდაც, 30 პროცენტით იყვნენ წარმოდგენილნი თვითმმართველობებში. ამ კანონპროექტის მიღებას დიდი ბრძოლა უძღოდა წინ, ჩვენ ამას არ მოვითმენთ და მოჰყვება დიდი პროტესტი ყველა ჯგუფის მხრიდან,”- განაცხადა პატარაიამ.

2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი – აღნიშნული ცვლილება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში შევა.

საკითხი 22 ივნისს, დილის 03:19 წუთზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა, რომელზეც კანონპროექტი მეორე მოსმენით იქნა განხილული.

ამჟამად, კანონის მოქმედი რედაქციით სიაში ყოველი მეორე წარმომადგენელი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ცვლილებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის იგივე სტანდარტის დაწესდება, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გათვალისწინებული.