სოფელ შუქრუთში ერთ-ერთი მოშიმშილე, ჯანო ლაბაძე, „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ისინი შიმშილობას განაგრძობენ.
„გუშინ ორი ადამიანის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაუკეთეს გადასხმები. დღეს დილით ისევ კარავში დაბრუნდნენ და აგრძელებენ შიმშილობას“, – ამბობს ჯანო ლაბაძე.
მისივე თქმით, ამ დრომდე მოშიმშილეებს არც კომპანიის და არც ხელისუფლების წარმომადგენელი არ შეხვედრია.
ამ დროისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში 8 ადამიანი შიმშილობს. მათ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. სამმა მათგანმა შიმშილობა 17 დღის წინ დაიწყო, მათ მე-4 და მე-5 დღეს კიდევ ორი კაცი დაემატა. 7 დღის წინ კი მოშიმშილეებს სამი ქალი შეუერთდა.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავენ და ერთ კვირაზე მეტია, რაც რამდენიმე მათგანმა უკიდურესი პროტესტი ნიშნად პირი ამოიკერა.
შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები. იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი.
ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.
მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.