ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, “საბურთალოს” ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ.
ამ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი თვენახევრის წინ მცხეთაში გამართული წვეულების შემდეგ გაუჩინარდა, მისი ცხედარი 4 დღის შემდეგ იპოვნეს.
ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ შაქარაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, მიყენებული მკვრივი-ბლაგვი საგნით.
პროკურატურის განცხადებით, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.
საქმეზე 17 პირია დაკავებული. სასამართლო პროცესები რამდენიმე კვირაში დაიწყება.