„ორსულ ცოლს რამდენჯერმე სასტიკად სცემა“ - ბრალდებულს 5 წელი მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მეუღლის მიმართ ჩადენილი სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ კაცი წლების განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. ასევე, მან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორსულ მეუღლეს რამდენჯერმე სასტიკად სცემა და სხვადასხვა ფორმით დაამცირა.

„ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიმართ წარსულში ორჯერ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო  და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.