ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს.

დაკავებულია 3 პირი. სამივე მათგანს პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

საქმეში მონაწილე ორი პირი, მათ შორის, მკვლელობაში ბრალდებული. მიმალვაშია. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

ბრალდებულებს – ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

ამ დრომდე ეძებენ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს და ბაირამ ალი გუსეინოვს.

გავრცელებული ინფორმაციით მოკლულ ახალგაზრდა კაცს ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გამოძიების ვერსიით, გარდაცვლილი თავის დაბადების დღეს ბრალდებულებთან ერთად აღნიშნავდა, შემდეგ კი გიორგი პაპაშვილის სახლში ერთად ავიდნენ.

პროკურორის თქმით, შელაპარაკების და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პაპაშვილმა მთივლიშვილს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, თვითმხილველებმა კი ეს პოლიციას არ შეატყობინეს.

თამაზ მთივლიშვილის ოჯახის ადვოკატი ელისო რუხაძე აცხადებს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს, თუმცა ოჯახი მოითხოვდა, რომ 5-ვე ბრალდებულს პატიმრობა შეფარდებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, ცხედარი მე-3 დღეს იპოვეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დანაშაული სასტიკადაა ჩადენილი და ბრალდებულების ქმედებები დანაშაულის ჩადენის შემდეგ სახიფათოა. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ ეშინოდათ მკვლელობაში ბრალდებული პირის, გიორგი პაპაშვილის და ამიტომ არ დარეკეს 112-ში. ოჯახი საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს.