OSCE/ODIHR-ის თქმით, 2002 წლის შემდეგ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე იწვევდნენ

პუბლიკა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გამოცემა „ნეტგაზეთისთვის“ გაგწავნილ წერილში წერს, რომ 2002 წლის შემდეგ, ODIHR-ის მისიას რეგულარულად იწვევდნენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად.

მათი განმარტებით, ეუთო/ოდირმა სადამკვირვებლო მისია გამოაგზავნა თითქმის ყველა ასეთ არჩევნებზე, გარდა ერთისა. 2014 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირმა მისია ფინანსური მიზეზების გამო ვერ გამოგზავნა.

„ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილ წერილობით ინფორმაციაში ვკითხულობთ:

„ODIHR-ი ასევე დააკვირდა რამდენიმე შუალედურ ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში. ჩვენ ვაკვირდებით მუნიციპალურ არჩევნებს მთელ OSCE-ს რეგიონში იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ მოწვევას ეროვნული ხელისუფლებისგან. როგორც ყოველთვის, პროცესი იწყება საჭიროებების შეფასების მისიით, რომლის მიზანია საარჩევნო გარემოს, სამართლებრივი ჩარჩოსა და პოლიტიკური კონტექსტის შეფასება. ამ დეტალური შეფასების შედეგები და რესურსების ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს, გავაგზავნით თუ არა სადამკვირვებლო მისიას და რა ფორმით.

ODIHR-ის მისიის ყოფნა ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, და ჩვენ ასევე ვაძლევთ რეკომენდაციებს, რათა გაძლიერდეს არჩევნების სანდოობა ადგილობრივ დონეზე“.

ეუთო/ოდირი ამავე განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მრავალ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდა, მათ შორის, ბოსნია და ჰერცეგოვინაში 2024 წლის ოქტომბერში, სერბეთში — 2024 წლის ივნისში და მოლდოვაში — 2023 წლის ნოემბერში.


„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ადგილობრივი არჩევნები სამჯერ გაიმართა – 2014, 2017 და 2021 წელს. „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“ (OSCE/ODIHR) მხოლოდ 2014 წელს არ აკვირდებოდა პროცესს.

„სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ „გადახვევა“ უწოდა 2021 წელის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას და თქვა, რომ მაშინ „რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან“.

ასევე, 18 ივნისს განცხადება გაავრცელა ბრიტანეთის საელჩომ და მოუწოდა მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია: „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია“.