ოშპიტელი - გუდამაყრის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება - გუბერნატორი

პუბლიკა

ოშპიტელი – გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა. გარესამყაროს მოწყვეტილია 22 სოფელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტი თორნიკე თუღუზაშვილი 1tv.ge-სთან აცხადებს, რომ რეკომენდაცია გაცემულია გზის გაწმენდისა და დამცავი ღონისძიებების გატარების შესახებ.

„აღნიშნული მასალის გატანა უნდა მოხდეს ოპერატიულად, მდინარეში არ უნდა ჩაიყაროს მასალა“, – განაცხადა მან.

სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დავით ნოზაძე აცხადებს, რომ გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივი წარმომადგენლები კომუნიკაციაში იყვნენ მოსახლეობასთან, თუმცა მოსახლეობაში  განსაკუთრებული საჭიროება არ ყოფილა.

„წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივი წარმომადგენლები იყვნენ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან, არ ყოფილა არანაირი განსაკუთრებული საჭიროება. შეიძლება გახდეს საჭირო რეკომენდაციების შესაბამისად სპეციალური ტექნიკის შემოყვანა, თუმცა დღეს, რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში დაიწყება [გაწმენდითი] სამუშაოები“, – თქვა დავით ნოზაძემ.