ოთარ სირაძე „ახალგაზრდა მწვანეებთან" რაჭაში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე ამბროლაურში ჰესების საწინააღმდეგო აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ოთარ სირაძემ „ახალგაზრდა მწვანეების“ წარმომადგენლები „თბილისიდან ორგანიზებულად ჩაყვანილ სუს-ის ტიტუშკებად“ მოიხსენია და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

„როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა წინასაარჩევნო პერიოდი წარმართოს პროვოკაციების მოწყობის და პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე.

ონში „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა აქციას „არა ონის ჰესების კასკადს!“.

აქციის მიმდინარეობის დროს ინტერვიუს ვაძლევდი „მთის ამბების“ ჟურნალისტს, რა დროსაც თბილისიდან ორგანიზებულად ჩამოყვანილმა სუს-ის „ტიტუშკებმა“ შეიგინეს ჩვენი (ნაციონალური მოძრაობის) მისამართით არაერთხელ. პასუხად მე ზრდილობისკენ მოვუწოდე.

მოგვიანებით, ეს უცნობი პროვოკატორები დამხვდნენ უკვე ამბროლაურში ჩემს სახლთან, სადაც ცხოვრობს ჩემი მოხუცებული დედა. ამ დროს კამერამომარჯვებულები მომადგნენ სახლთან და დამიწყეს „საქმის გარჩევა“, გინება, რომელიც გადაიზარდა მცირე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში.

მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის, აჯობებდა ეს ინცინდენტი არ მომხდარიყო, ვცდილობდი მის არიდებას, მაგრამ მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული.

ვწუხვარ მომხდარი ფაქტის გამო“, – წერს ოთარ სირაძე.


რაჭაში მომხდარ ინციდენტზე „ახალგაზრდა მწვანეებმა“ 5 ივლისს განცხადება გაავრცელეს.

​როგორც ორგანიზაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 4 ივლისს ამბროლაურში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ოთარ სირაძემ და მისმა ძმამ, დავით სირაძემ, ფიზიკურად იძალადეს „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრ, ნიკოლოზ ღლონტზე.

განცხადებაში,  ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და ორგანიზაცია გამოთქვამს იმედს, რომ „ერთი მხრივ, დამნაშავე მიიღებს საკადრის პასუხს, მეორე მხრივ, ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალური ქმედებებისგან.“

„პირველ რიგში, გვინდა მკაფიოდ ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ახალგაზრდა მწვანეები“ წარმოვადგენთ არაპარტიულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, შესაბამისად არ ვართ აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში, მათ შორის არც საქართველოს მწვანეთა პარტიასთან.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელთა შორის არ არსებობს რეალური იდეოლოგიური განსხვავება. ერთადერთი ძალა, ვის გვერდითაც ვდგავართ არის ხალხი. დღეს არსებული პარტიების მხრიდან გარემოსდაცვით თუ სოციალურ საკითხებზე პროტესტში ჩართვა კი ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას”, – ნათქვამია განცხადებაში.