ყოფილმა გუბერნატორმა და ენმ-ს წევრმა რაჭაში აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პუბლიკა

რაჭა-ლეჩხუმის ყოფილმა გუბერნატორმა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა კოორდინატორმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში მწვანე აქტივისტ ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება ონში გამართული აქციის შემდეგ მოხდა.

დაპირისპირების ამსახველ კადრებს მწვანე აქტივისტები ავრცელებენ. მწვანე აქტივისტი მარიამ ვაწაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქციის შემდეგ ისინი ბრუნდებოდნენ უკან, რა დროსაც მოხდა შეხლა-შემოხლა.

„მწვანეების წევრები რომ ვბრუნდებოდით იმ სახშლი, სადაც ღამეს ვათევთ, ისინი ცხოვრობენ მეზობლად (ოთარ სირაძე და მისი ოჯახი). ჯერ მანქანიდან დაგვიწყეს შეურაცხყოფის მოყენება და შემდეგ მანქანიდან რომ გადმოვიდნენ ერთ-ერთ ჩვენს წევრს დაესხნენ თავს და დაარტყეს პირველი, ” – ამბობს მარიამ ვაწაძე.

როგორც აქტივისტები ამბობენ, ნიკოლოზ ღლონტი ახლა თავს კარგად გრძნობს. ის გამოიკითხა ამბროლაურის პოლიციის განყოფილებაში. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ინფორმაცია მოწმდება და დაზუსტების შემთხვევაში მოგვაწვდიან შემთხვევის შესახებ ინფორმაციას.

დღეს ონში ჰესების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები ამბობენ, რომ უნდა შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა. აქციაზე გავრცელდა ასევე პეტიცია. „შემოგვიერთდით, დავიცვათ რიონი, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მომავლის და კანონის დაცვას ნიშნავს. გადავარჩინოთ რაჭა-ლეჩხუმი!”, – მოუწოდებს მოქალქეებს ადგილობრივი მოსახლეობა.