ოთარ სირაძეს „ახალგაზრდა მწვანეების" წევრთან მომხდარ ინციდენტზე ბრალი წაუყენეს

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ოთარ სირაძესა და მის ძმას დავით სირაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს.

კერძოდ, საქმე ეხება ამბროლაურში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოთარ სირაძესა და „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს შორის ინციდენტი მოხდა.

რაჭაში მომხდარ ინციდენტზე „ახალგაზრდა მწვანეებმა“ 5 ივლისს განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ 4 ივლისს ამბროლაურში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ოთარ სირაძემ და მისმა ძმამ, დავით სირაძემ, ფიზიკურად იძალადეს „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრ, ნიკოლოზ ღლონტზე.

თავად ოთარ სირაძემ „ახალგაზრდა მწვანეების“ წარმომადგენლები „თბილისიდან ორგანიზებულად ჩაყვანილ სუს-ის ტიტუშკებად“ მოიხსენია და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 04 ივლისს ქ.ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

უწყების ცნობით, ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.