ოთარ თოიძე: უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში გაგზავნილია მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით

პუბლიკა

ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენელმა, ექიმმა ოთარ თოიძემ, გუშინ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილს სჭირდება სპეციალიზებული დაწესებულება. მისი თქმით, მას სჭირდება ბიოქიმიური ფუნქციების ინტენსიური მონიტორინგი, რომელიც საქართველოში არ არის.

„ჩვენთან მულტიპროფილური არის, მაგრამ სპეციალიზებული დაწესებულებები, სადაც მკურნალობენ ანორექსიით დაავადებულ პაციენტებს, ნაშიმშილარ პაციენტებს, არ არის. ის ძირითადი გართულება, რაც აქვს ახლა ბატონ მიხეილს, პოსტტრავმული სტრესია, მაგრამ ამაზე მეტად აწუხებს ვერნიკეს ენცეფალოპათია და შეიძლება, იმდენად დამძიმდეს, რომ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი.

რამდენიმე დღე გამოიხატა ანორექსიის მოვლენა, ეს ანორექსიის გამოა, თუ სხვა რაიმე მიზეზია, ეს გამოსაკვლევია. ყოველ შემთხვევაში, მას კუჭის მოქმედებასთან ჰქონდა პრობლემები, რომელიც, წესით, არ უნდა ჰქონოდა. ეს არ არის პროცესი, რომ მიდიხარ მილანის ოპერაში ან თეატრში. ეს კლინიკა უნდა შეირჩეს პაციენტის მდგომარეობისა და მისი თანხმობის შესაბამისად. რამდენიმე კლინიკაში დაგზავნილია მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილებს პაციენტის მოთხოვნას, იქ გაიგზავნება. ნუ გგონიათ, რომ ესაა ფსიქოთერაპიული კურსებისთვის.

მას სჭირდება ბიოქიმიური ფუნქციების ინტენსიური მონიტორინგი, რომელიც საქართველოში არ არის. არის გერმანიაში გაგზავნის საშუალება, მაგრამ პასუხები იგვიანებს. ეს მოთხოვნები ჩვენგან გაიგზავნა. ენცეფალოპათიას აქვს ორი სტადია. პირველი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და მეორეში ღმერთმა არ ქნას, რომ გადავიდეთ. ეს გამოიწვევს იმას, რომ მას ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები. ფსიქოლოგია არ ნიშნავს ფსიქიკას. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N4 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. ომბუდსმენის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კონსილიუმის წევრმა, ფსიქიატრმა მარინა კურატიშვილმა საზღვარგარეთ გადაყვანაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა:

„დღეს მწვავე მდგომარეობა არ აქვს და როცა ჩატარდება მკურნალობა, მერე შევაფასოთ. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამაზე საუბარი. სასურველია მკურნალობის შედარებითი ოპტიმიზაცია და ტრავმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ჩართვაა საჭირო. რაც შეეხება „შუმოკებს“ და ბადრაგის ქცევას, ეს მისთვის ძალიან ტრავმულია. „შუმოკებზე“ საუბარი თვითონ დაიწყო, ემოციურად შეიცვალა, დაიძაბა და შეეტყო, რომ მისთვის ეს მოგონება ძალიან ტრავმულია. ყველა ამ ნიშნით ვასკვნით, რომ ეს მოგონებები დღემდე ტრავმულია მისთვის“. – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.

დასკვნის მიხედვით, ამ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები: ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ, მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები, ანემია. რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება. პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მიუხედავად, პაციენტს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. ის სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება