პაატა იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით პირველი აიცრა. ვაქცინაციის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ქვეყანაში, ეპიდემიის დასრულების დასაწყისია. ვაქცინა არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

…მინდა, ჩემი ყველა კოლეგა იყოს ამ საქმის ავანგარდში იმ კოლეგების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც შეეწირა კოვიდთან ბრძოლას“, – განაცხადა იმნაძემ და მოუწოდა მედიკოსებსა და მოქალაქეებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია.

დღესვე მასთან ერთად აიცრნენ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია, ამავე საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე, ექიმი დავით გადელია და ვაქცინაციაზე პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე და სხვა მედიკოსები.

„მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც სხვადასხვა ინფორმაციებს, უნდა ავიცრათ. მსუბუქი გვერდითი მოვლენები აქვს, მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ. ვაქცინა არაა მავნე და არის აუცილებელი. ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იმუნიზაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიაჩნია მარინა ეზუგბაიას.

„რამდენი ხანია, რაც ქვეყანა ვაქცინაციას ელოდებოდა, როგორც იქნა, ვაქცინა შემოვიდა. „ასტრაზენეკა“ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რომელიც შექმნილია COVID-19-თან მიმართებაში. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია, რომ შეიქმნას ის იმუნური ფენა, რაც შექმნის დაავადებისგან დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ვაქცინაცია დაიწყო რეგიონებშიც. პირველი ექიმები უკვე აიცრნენ ქუთაისში, აჭარასა და ზუგდიდში.


ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. საქართველო COVAX-პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ.

შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინა რაიონებში გადანაწილდა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით ვაქცინაციისთვის შერჩეულია  82 დაწესებულება. პრიორიტეტული ჯგუფებიდან პირველები სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.

„ვაქცინა კეთდება ორჯერადად, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის, შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე ნახევრიდან“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129 600 დოზას და ასევე Pfizer-ის 29 250 დოზას.