თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მიერ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად მიჩნეული პირების პროცესი იმართება. სასამართლო მათ საბოლოო სიტყვებს ისმენს. შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს განაჩენიც.
ამ საქმეში ბრალდებულები არიან: მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე, თორნიკე მჭედლიშვილი.
პაატა მანჯგალაძემ სასამართლოში თავისი საბოლოო სიტყვა თავისი პოლიტიკური კარიერის აღწერით დაიწყო. მისი თქმით, მან 4 ოქტომბერს, როგორც პოლიტიკოსმა, მშვიდობიანი შეკრების გარანტირებული უფლებით ისარგებლა.
„ნუთუ შესაძლებელია, ჩემი ამ უფლებით სარგებლობა გახდეს ჩემთვის მსჯავრის დადების საფუძველი?“
მან ასევე ვრცლად წარმოადგინა თავისი პოზიცია პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარმოდგენილ „მტკიცებულებებზე“.
„ბრალდება აბსურდულია. საქმეში არ დევს საგანი, დოკუმენტი, აუდიო და ვიდეომასალა, ფაქტობრივი ანდა სხვა სამართლებრივი გარემოებები, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა.
უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებები ეჭვმიუტანელად ადასტურებენ, რომ არათუ სსკ-ის 225-ე მუხლით, არამედ, ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არცერთი დანაშაული არ ჩამიდენია.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანელად დასტურდება, რომ მე, პაატა მანჯგალაძე, არათუ რაიმე ჯგუფური ძალადობის, არამედ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორიც კი არ ვყოფილვარ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზება 4 ოქტომბრამდე ბევრად ადრე მოხდა და არა 4 ოქტომბერს, აქციამდე სამი საათით ადრე, ეგრეთ წოდებული კომიტეტის დასახელებით.
„არცერთ საორგანიზაციო საკითხში ჩართული არ ვყოფილვარ. ბატონო მოსამართლევ, ამას არ მედავება არც პროკურატურა – რომ აქციის რომელიმე საორგანიზაციო ელემენტი ჩემთან იყო დაკავშირებული.
ერთი პირის მიერ მეორე პირის ორგანიზატორად დასახელება მეორე პირს ავტომატურად ორგანიზატორად ვერ აქცევს, თუ საქმეში არ არსებობს მისი ორგანიზატორობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებს გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, აქციაზე მისი არცერთი სიტყვა ან, მოწოდება არ ქმნიდა დანაშაულის შემადგენლობას და სიტყვები „ხალხის ნების აღმსრულებელი“ გულისხმობდა პოლიტიკოსის განცხადებულ სურვილს ხალხის სამსახურში ყოფნის.
„ბატონო მოსამართლევ, მიუხედავად ამ საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებისა, პროკურატურა ჩემი ბრალეულობის დასადასტურებლად ცდილობს, გამოიყენოს ე.წ. კომიტეტის ვიდეოში ჩემ მიერ ნახსენები სიტყვები – „ხალხის ნების აღმსრულებელი“ და ბოროტი ინტერპრეტაციით ცდილობს, მას საორგანიზაციო და ძალადობრივი მნიშვნელობა მიანიჭოს.
მაშინ, როცა კონკრეტულ კონტექსტში ჩემ მიერ ნახსენები სიტყვები „ხალხის ნების აღმსრულებელი“ გულისხმობს არა უკვე ორგანიზებული აქციის ხელახალი ორგანიზების სურვილს ან ძალადობისკენ მოწოდებას (მისი ასე გაგება თავისთავად აბსურდია), არამედ პოლიტიკოსის განცხადებულ სურვილს ხალხის სამსახურში ყოფნის, ხალხის მსახურებისთვის მზაობას; ჩემს შინაგან რწმენას, რომ პოლიტიკოსმა კი არ უნდა იმსახუროს ხალხი, როგორც დღეს ხდება, არამედ პოლიტიკოსი უნდა ემსახუროს ხალხს, იყოს მისი ნების აღმსრულებელი. ეს არის ჩემი პოლიტიკაში ყოფნის ერთგვარი კრედო, პოლიტიკაში ჩემი მოქმედების ე.წ. მოდუს ოპერანდი, მთავარი მატრიცა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მიმართვის ბოლოს მანჯგალაძემ მოსამართლეს მიმართა.
„ბატონო მოსამართლევ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანელად დასტურდება ჩემი უდანაშაულობა. თქვენ, ბატონო მოსამართლევ, საჭიროა თქვენს თავში იპოვოთ ძალა, გამოავლინოთ ნების სიმტკიცე, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო.
ბატონო მოსამართლე, გულწრფელად არ მსურს ოდესმე პილატეს როლში გიხილოთ — იმ როლში, როცა ყველამ იცის, რომ ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მაინც უნდა დასაჯონ, მაინც უნდა მიალურსმნონ სიმართლისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის.
დიდება უფალს! დიდება საქართველოს!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.