პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია, სხეულის დაახლოებით 40-45% არის დამწვრობა - ექიმი კასპში მომხდარზე

პუბლიკა

ექიმის განცხადებით, მძიმეა გუშინ კასპში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა. შსს-ს ცნობით, ცივი იარაღით ჭრილობების მიყენების შემდეგ, კაცმა მისი დაწვა სცადა. შემთხვევა კასპში გუშინ მოხდა.

დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ ქალს სხეულის დაახლოებით 40-45% დამწვარი აქვს და მართვით სუნთქვაზეა.

„პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით. სხეულის დაახლოებით 40-45% არის დამწვრობა. ამას ემატება თერმო-ინჰალაციური დაზიანება, ანუ სასუნთქი გზებიც დაზიანებული აქვს. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჯერჯერობით პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი რაღაცნაირად ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ჭრილობა აქვს გულ-მკერდის არეში, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული, თუმცა ის გულმკერდის ღრუში შემავალი არაა“, – ამბობს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ლაშა იაშვილი „ფორმულასთან“.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 25 სექტემბერს წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.  დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.