„2020 წლის მონაცემებით, საქართველოში პალიატიური მზრუნველობის მომსახურება ესაჭიროებოდა 18 900 პაციენტს, მაშინ, როცა ეს მომსახურება მხოლოდ 2 227 პაციენტმა (12%) მიიღო“, – ვკითხულობთ კვლევაში „პალიატიური მზრუნველობის სერვისების შეფასება“.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ინიციატივით მომზადებული კვლევა აანალიზებს ზრდასრულთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროებებს, აფასებს არსებულ სერვისებს და სახელმწიფო პოლიტიკას.
კვლევის ავტორები წერენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღიარებული ვალდებულებებისა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა დღემდე რჩება ერთეულ და მონოდისციპლინურ მიმართულებად და ჰოლისტიკურ (ერთიან) მიდგომად ვერ ყალიბდება. გარდა ამისა, მრავალი პრობლემა და გამოწვევაა სერვისებზე ხელმისაწვდომობის, პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების კუთხით. პროგრამაში მონაწილე პროვაიდერებს აქვთ მწირი დაფინანსება.
მათივე თქმით, შეზღუდულია საწოლთა რაოდენობა და ძირითადი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი. საქართველოს პოპულაციის რაოდენობაზე დაყრდნობით საჭირო საწოლფონდის რაოდენობაა 300-370. ამ ეტაპზე, სხვადასხვა ფორმით, საქართველოში არსებობს 148 საწოლი, თუმცა პანდემიის პირობებში ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილი ფუნქციონირებს.
კვლევაში მოწოდებული მონაცემების თანახმად:
► 2021 წლისთვის საქართველოში ფუნქციონირებს პალიატიური მზრუნველობის 19 დაწესებულება.
► 19 დაწესებულებიდან სტაციონარული მომსახურება აქვს მხოლოდ 11-ს, სადაც 148 საწოლი ფუნქციონირებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან, პალიატიური მზრუნველობის 108 საწოლი ხელმისაწვდომია თბილისში, დანარჩენი კი რეგიონებში – ქვემო ქართლში, რუსთავში, ქუთაისში, თერჯოლასა და ბათუმში.
► თბილისში ფუნქციონირებს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული 6 საწოლიანი „ჰოსპისი ფერისცვალება“, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას მხოლოდ ქალებს სთავაზობს, შინ ზრუნვა კი ხელმისაწდვომია მამაკაცებისთვისაც. „ჰოსპისი ფერისცვალება“ ყოველთვიურად, დაახლოებით, 70-75 პაციენტის მომსახურებას ახერხებს.
► პალიატიური მზრუნველობის 19 დაწესებულებიდან 18 სახელმწიფოს დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობს. „ჰოსპისი ფერისცვალება“ კი კერძო შემოწირულობებით არსებობს.
► ბინაზე მომსახურება შესაძლებელია საქართველოს 76 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 6-ში.
► ზოგადი პროფილის მე-2 და მე-3 დონის კლინიკებში არ არსებობს პალიატიური მზრუნველობის საკონსულტაციო სამსახური, რაც გავლენას ახდენს, როგორც პაციენტების მართვაზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში მათ გადამისამართებაზე შესაბამის ცენტრებში. ეს თავისთავად არ განაპირობებს პალიატიური მზრუნველობისა და მისი სერვისების არც ნდობას და არც დაგვიანებულ მიმართვიანობას.
► პრობლემებია განათლების კუთხითაც, რაც შესაბამისი განათლების მქონე ექიმებისა და ექთნების დეფიციტზე აისახება.
► ოპიოიდების მარეგულირებელი რეგულაციები, რომელიც ზღუდავს ექიმების მიერ ამბულატორიულად ოპიოიდების დანიშვნას, რაც პალიატიური პაციენტის ტკივილსა და ტანჯვის მდგომარეობას ახანგრძლივებს.
რას გულისხმობს პალიატიური მზურნველობა:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ბოლო განსაზღვრების თანახმად, პალიატიურ მზრუნველობას ექვემდებარება ნებისმიერი ადამიანი, ვის სიცოცხლესაც დაავადების გამო შეიძლება სხვადასხვა სახის პრობლემა ემუქრებოდეს. ჯანმო პალიატიურ მზრუნველობას განსაზღვრავს შემდეგნაირად: „პალიატიური მზრუნველობა არის მიდგომა, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური, ფსიქო-სოციალური და სულიერი პრობლემების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასებისა და მკურნალობის შედეგად, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით, აუმჯობესებს იმ პაციენტებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხს, რომლებსაც აქვთ სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემები“.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, 67-ე მსოფლიო ჯანმრთელობის ასამბლეაზე წარდგენილი იქნა დოკუმენტი – „პალიატიური მზრუნველობის, როგორც ინტეგრირებული მკურნალობის კომპონენტად გაძლიერება მთელი ცხოვრების მანძილზე“, სადაც ჯანმოს თანახმად „ჯანდაცვის სისტემაში პალიატიური მზრუნველობა ყველა დონეზე უნდა იყოს ინტეგრირებული… სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული ადამიანური რესურსების გაძლიერებისა და გაზრდისკენ… პალიატიური მზრუნველობის საკითხები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საბაზო განათლების კურიკულუმებში“.