პანდემიამ უფრო მკაფიო გახადა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პრობლემები - ლომჯარია

პუბლიკა

„პანდემიამ კიდევ უფრო მკაფიო გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები,“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

ომბუდსმენის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, დროულად გადაჭრას ეს პრობლემები, აღმოფხვრას განათლების მიღების პროცესში წარმოქმნილი ბარიერები, შექმნას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფუნქციური და სოციალური უნარ-ჩვევების ხელშემწყობი თანამედროვე სერვისები და მომსახურებები, უზრუნველყოს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარება; ამასთან, მხარი დაუჭიროს დაუნის სინდრომის მქონე პირთა ოჯახების გაძლიერებას. აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სამოქალაქო საზოგადოების, ოჯახების ჩართულობას, მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენასა და გაზიარებას.


21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რასაც საქართველოც ყოველწლიურად უერთდება.