პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ მხარდაჭერის თვალსაზრისით - ბოკერია „ოცნებაზე"

პუბლიკა

„ქართული ოცნების” განცხადება ადასტურებს, რომ მათ მძიმე მდგომარეობა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით და მათი სიტყვის ფასი ნულია, – „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეხმაურება „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით.

„ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ეს მორიგი უტიფარი განცხადება ადასტურებს პირველი იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორედ, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი.

რაც ყველაზე მთავარია, ახლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამ რეჟიმსა და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოჰყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან”, – განაცხადა ბოკერიამ.

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.