„პანკისის სათემო რადიოს“ მიმართ გაკეთებული განცხადებები შეიცავს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ნიშნებს - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის განცხადებით, 29 აგვისტოს აქციის ჩანაწერებში ასახულია მონაწილეების მუქარის შემცველი განცხადებები პანკისის რადიოსა და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის მიმართ; 5 სექტემბერს პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად ხეობაში დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები გააუქმა.

სახალხო დამცველის თქმით, 5 სექტემბრის აქციის მონაწილეებმა მთივლიშვილის მიერ რადიოს დატოვება მოითხოვეს. აქციაზე კვლავ გაჟღერდა ჟურნალისტის მიმართ ძალის გამოყენების მუქარა.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით მუქარის შემცველი და პირის მიმართ ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები სცდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; ამასთან, აქციებზე გაკეთებული განცხადებები შეიცავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ნიშნებს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის მნიშვნელოვან როლს ხეობაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაში და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაიწყოს გამოძიება ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე შეაფასოს გელა მთივლიშვილისა და პანკისის რადიოს სხვა თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის რისკები და მიიღოს სათანადო ზომები მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.