„პანორამა" ვერ იქნება რენტაბელური. მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს - ივანიშვილი

პუბლიკა

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი Entrepreneur.com-თან ინტერვიუში ამბობს, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტს ყველაზე მეტი არაჯანსაღი და აბსურდული ხმაური მოჰყვა.

ბიძინა ივანიშვილი პროექტის სიკეთეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს თბილისის სავიზიტო ბარათი იქნება ისევე, როგორც  „სასტუმრო „პარაგრაფია“ ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათი“.

„ის მსოფლიო მასშტაბით მოიპოვებს გამორჩეულ ადგილს თავისი ექსკლუზიურობით“, – ამბობს ივანიშვილი ინტერვიუში. 

ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი ვერ იქნება რენტაბელური თვითღირებულებასთან შედარებით, ამიტომ, მისივე თქმით, თუკი არსებული კონცეფციითა და გეგმით ააშენებენ, მზად არის, ნებისმიერ ეტაპზე გადასცეს პროექტი დაინტერესებულ ბიზნესმენს.

„სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში. რასაც ვამბობ წყალტუბოზე, იმავე პრინციპს ვაცხადებ „პანორამაზე”, – ამბობს ივანიშვილი.

„პანორამა თბილისს“ რუსთაველის გამზირზე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანაინვესტირების ფონდი აშენებს. პროექტის ფარგლებში თავისუფლების მოედნიდან სოლოლაკში მშენებარე სასტუმრომდე საბაგირო გაიჭიმება, რომელიც თავისუფლების მოედანს გადაუვლის. წლების განმავლობაში გარემოს დამცველები თუ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები აპროტესტებდნენ თბილისის ისტორიულ ნაწილში ახალი მასშტაბური კომპლექსის მშენებლობას.