პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ჩვენების მიცემის გამო საცხოვრებლიდან გამოაგდეს - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ გამოძიებას ჩვენება არ მისცენ. დღევანდელ ბრიფინგზე ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ჩვენების მიცემის გამო ერთ-ერთ აღსაზრდელს უნივერსიტეტი დაატოვებინეს.

„სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს.

დაგვიკავშირდა ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ახლა ირიცხება ხიჭაურის უნივერსიტეტში, ის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშაა.

მათი რეალური საცხოვრებელია ამ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. პირმა განგვიცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა ჩვენების მიცემა. პოლიციიდან უკან დაბრუნებულს კი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. მან წუხანდელი ღამე ადგილობრივი მოსახლის სახლში გაათია. დღესდღეობით, იგი ღია ცის ქვეშაა”, – თქვა ლომჯარიამ.

ომბუდსმენი, ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები დანაშაულის რისკებს შეიცავს და ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონატში რჩება 29 არასრულწლოვანი, სულ გამოყვანილია 24 ბავშვი. აღსაზრდელები ბიოლოგიურ ოჯახში, თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში განთავსდნენ.