პაპუაშვილი: ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, შეუსაბამოა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, 5%-იანი ბარიერი ადეკვატურია და მისი დაწევის მოთხოვნა შეუსაბამოა.

„არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს, 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, ყველამ კარგად იცის დიდი ხანია, რომ 5%-იანია ბარიერი, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის.”

მისი თქმით, 2022 წელს, როცა მმართველმა პარტიამ ბარიერის დაწევაზე გასცა დაპირება, კონტექსტი სხვა იყო. 2022 წლის ივლისში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდებოდა.

„ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება და ამას ხომ თავისი შინაარსი ჰქონდა, ბარიერთან ხომ არ იყო, საკითხი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას და ამ დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. არა თუ დაწია, სინამდვილეში საერთო ჯამში ჩვენ ვნახეთ, ერთი დამატებითი წელი ჯანჯღარის და მომავალი წელი რა მოგველის, ჯერ კიდევ შევხედოთ ოპოზიციას. მე მგონი, არაფერი ეტყობა ოპოზიციას, რომ ისინი მზად არიან რადიკალური დღის წესრიგიდან გადავიდნენ.“ – ამბობს პაპუაშვილი.