პაპუაშვილი: დეპოლარიზაციის საკითხებს მე უნდა გავუწიო კოორდინაცია

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ შეიმუშავა გეგმა, რომელშიც გაწერილია შესრულებაზე პასუხისმგებელი კომიტეტები და ვადები. როგორც მან აღნიშნა, დღეს პარლამენტში ამ საკითხებზე დამატებითი კომუნიკაცია ჰქონდა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

„ცალკეული საკითხებია, რომელსაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, უნდა გავუწიო კოორდინაცია, კერძოდ,  დეპოლარიზაციის საკითხებს. უახლეს დღეებში დავიწყებთ ამ პროცეს, რომ ფორმატები შევათანხმოთ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფებთან და არასამთავრობო სექტორთან.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს ემიჯნება თუ არა „ოცნებიდან“ წასული სამი დეპუტატის გზავნილს, რომლის მიხედვითაც „საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს“

„ჩემი კომენტარი არ არის და რას უნდა გავემიჯნო. გეტყვით რა არის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ვმოქმედებთ. მთავარია ჩვენ ვიყოთ კეთილსინდისიერები ევროკავშირთან და ჩვენი მოქალაქეების წინაშე და თუ კი რაღაც საკითხები მოისაკლისეს ჩვენს სისტემაში ამ საკითხებს შევხედოთ, მოვაწესრიგოთ და ასე წარვდგეთ ხელახლა ევროკავშირის წინაშე.

მთავარია ჩვენ ვიყოთ პირნათელი და საბოლო ჯამში ვნახეთ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რომელიც უნდა მიიღოს 27 ქვეყანამ კონსენსუსით. ჩვენ ისიც მოვისმინეთ, რომ აქ კითხვარი და პასუხები არ იყო ყოველთვის გადამწყვეტი ვინაიდან ყველაფრის უკან პოლიტიკური გადაწყვეტილება დგას და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება. ცვლილებები თუ რეფორმები, რომელზეც ჰქონდა საუბარი ევროკავშირს ჩვენ პირნათლად უნდა განვახორციელოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა.“

კითხვაზე არის თუ არა გარანტირებული წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღება უპასუხა:

„როგორ იქნება გარანტირებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მისაღები არ არის. 27 ქვეყანამ უნდა მიიღოს. ჩვენ ერთადერთი გარანტია შეიძლება გვქონდეს და ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს და ევროკავშირს რომ კეთილსინდისიერად ვიმუშავებთ იმ საკითხებზე, რომელიც არის საუბარი და ამის შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არაა.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.