პაპუაშვილი დეპუტატების ხელფასზე: ეს არაა ზრდა, ესაა კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა 

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რომ შემდეგი მოწვევის დეპუტატების ხელფასი 8-დან 10 ათას ლარამდე გაიზრდება, არ არის ხელფასის ზრდა – ეს 2017 წელს დადგენილ „კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანაა”.

„დღეს პარლამენტის აპარატის 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრს, დეპუტატს. ეს დისპროპორცია არსებობდა. მათ შორის, ასეთი რეაქციებისგან თავის არიდების გამო, წინა პარლამენტები თავს იკავებდნენ ასეთი შესაბამისობაში მოყვანისგან. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამის ინიციატორი ვარ მე.

მნიშვნელოვანია, რომ როცა ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, აქ ანაზღაურება იყოს კანონმდებლობის შესაბამისი. საუბარი რომ არ იყოს, ეს ინიციატივა არა მიმდინარე მოწვევის დეპუტატებს, არამედ მომავალ პარლამენტს შეეხება. ხალხიც ასე აირჩევს მომავალი პარლამენტის წევრებს რა პოზიცია, რა ხელფასი ექნებათ. ეს არის შესაბამისობაში მოყვანა”. – თქვა მან.

დღეის მდგომარეობით პარლამენტის წევრების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით 4000-დან 7000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

განცხადება, რომ შემდეგი მოწვევის დეპუტატების ხელფასი გაიზრდება, შალვა პაპუაშვილმა 2 ნოემბერს გააკეთა.