პაპუაშვილი: ელჩების ნაწილი ჩართულია შიდა პოლიტიკაში ვენის კონვენციის დარღვევით

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრის დროს კვლავ თავს დაესხა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ ვენის კონვენციის დარღვევით ელჩები ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში.

აქვე ის „ქართულ ოცნებას” ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უწოდებს და აცხადებს, რომ ელჩები მათთან „კონფლიქტში არიან”, მეტიც, „ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება პერსონალურ ზიზღშიც აქვთ გადაზრდილი”.

„ეს განსაკუთრებით შეეხებათ საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩართულნი არიან შიდა პოლიტიკაში ვენის კონვენციის დარღვევით. ყველას შევახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ მოიცავს 2 საკითხს. პირველი ეს გახლავთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების იმუნიტეტი და პრივილეგიები… ამის საპირწონედ, იმავე მუხლში წერია, რომ ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. დღეს ვხედავთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი, რომ ჩვეულებრივად კონფლიქტში არის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ზოგ შემთხვევაში, ვხედავთ, მათ კომენტარებს როცა ვისმენთ, რომ მათ პერსონალურ ზიზღშიც კი აქვთ გადაზრდილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება.

რა არის დიპლომატის ამოცანა ხომ? რომ ქვეყნის ხელისუფლებებს შორის იყოს კომუნიკაციის ხიდი და მიესვლებოდეს ხელისუფლებასთან. როცა დიპლომატი დაკავებულია თავდასხმებით ხელისუფლების მიმართ, როცა დიპლომატი ადგილსამყოფელ ქვეყანაში დაკავებულია ხალხის მიმართ თავდასხმებით, როდესაც დიპლომატს შექმნილი აქვს თავისი ვიწრო წრე, რომელსაც ის ფულს უხდის და ის მიაჩნია იქ ხალხად და სხვას ხალხად არ თვლის, რა თქმა უნდა, ის გადის დიპლომატიური პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან და ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკოსი… არის მეორე კატეგორია, როცა კრიტიკაზე ვსაუბრობთ და ეს არის ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში – ელჩი თუ სხვა თანამშრომელი საელჩოში – რომელიც ჩვეულებრივ რიგით, ქართველ პოლიტიკოსად არის ქცეული და ამ შემთხვევაში პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს, ქცევის წესს და სტანდარტებს. თუკი, ამ ნაბიჯზე მიდიან და ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაშინ მით უმეტეს აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც სხვათა შორის, მათივე დაფინანსებით არის, რიგ შემთხვევაში, ცუდ სტანდარტს როცა ვგულისხმობ, მათივე დაფინანსებით არის დამკვიდრებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ, თუკი, ვინმეს უნდა იყოს მიღმა პოლიტიკური დებატებისა, ვგულისხმობ დიპლომატებს, მაშინ ვენის კონვენციას აძლევს მათ ამის ჩარჩოს, სადაც წერია, რომ ისინი არიან განყენებული და პრივილეგიებით მოსარგებლე პირები, იმ პირობით, რომ ისინი არ ერევიან საშინაო საქმეებში.

არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში და კაციშვილს არ ახსოვს, იმდენი ელჩია საქართველოში, რომელზე გახსოვთ ყოფილიყოს ან კრიტიკული განცხადებები, ან მოქალაქეებს ჰქონოდეთ ამხელა კრიტიკა ელჩების მიმართ.. ნებისმიერი სხვა ელჩი დაასახელეთ და არც კი იციან, რომელი ელჩია, მაგრამ ის ელჩები, რომლებიც დაკავებული არიან ქართველ ხალხზე თავდასხმით, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა აიტანონ კრიტიკა..”.

ელჩებზე საუბრის დროს პაპუაშვილს კონკრეტული დიპლომატების სახელები არ უხსენებია, თუმცა მოგვიანებით, კიდევ ერთხელ გაიმეორა „ოცნების” ანტიევროპული რიტორიკა და ცრუ ნარატივი, რომ თითქოს ევროკავშირი და EU-ის წევრი ზოგიერთი ქვეყანა საქართველოში აფინანსებს „ზიზღს, პროპაგანდასა და ძალადობას”.

„ევროკავშირისა და ქვეყნის ზოგიერთი ელჩისა თუ დონორისთვის სათქმელი მაქვს, შემდეგი: ჩვენ, რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდება ზიზღი, ძალადობა, პროპაგანდა, ანუ ფინანსდება ექსტრემიზმი. ეს არის ის ზღვარი, რომელიც უშუალოდ არის ექსტრემიზმის ზღვარი. ჩვენ ვხედავთ, რომ საჯაროდ, ცინიკურად, ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის თუ სხვა ზოგიერთი ელჩის მხრიდან, არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც არის პირდაპირ განსაზღვრება ექსტრემიზმის”.

საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების კრიტიკა „ქართული ოცნების” არადემოკრატიულ ნაბიჯების მიმართ არ სცდება დიპლომატიური რიტორიკის ფარგლებს, რადგან ელჩები თავიანთ განცხადებებში კრიტიკას გამოხატავენ არა „ოცნებასთან” პერსონალური დაპირისპირებით, არამედ პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში არსებული ღირებულებებსა და პრინციპებზე ხაზგასმით, რაც მოიცავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ევროინტეგრაციას.

ელჩები ამით აჟღერებენ მათი წარმომადგენელი ქვეყნის პოზიციას, რადგან ოფიციალურ განცხადებებში ხშირად ხაზგასმულია, რომ მათთვის შეშფოთებას იწვევს „ოცნების” ქმედებების გამო ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა, ამასთან, აღნიშნავენ, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად „ოცნებას” ეკისრება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პასუხისმგებლობა. ამის საპასუხოდ, „ოცნების” წევრები ელჩებს პერსონალურად ესხმიან თავს და მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.