პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ დაესხა თავს „მთის ამბების“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს და მისი მხარდამჭერი განცხადებების ავტორებს.
პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მთივლიშვილმა შოვის ტრაგედიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა.
პაპუაშვილი წერს, რომ მისი განცხადებები „ჟურნალისტური პროდუქტის“ გაკრიტიკება იყო, რაც მისი ვალდებულებაა, რათა აღკვეთონ დეზინფორმაციის მომავალი მცდელობები“.
მისი თქმით, საქართველო ჟურნალისტებისთვის თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალნი არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში.
ამავე განცხადებაში პაპუაშვილი აკრიტიკებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც მთივლიშვილის შესახებ პაპუაშვილის განცხადებები გააკრიტიკა და „საქართველოში დამოუკიდებელი მედიის სახელის გატეხვის კამპანიის საერთო ტალღის ნაწილად“ შეაფასა.
„საუბედუროდ, არც ერთმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ არც კი სცადა სიმართლის დადგენა, ისე დაიცვეს მთივლიშვილი. როგორც ჩანს, ეს ჟურნალისტური სოლიდარობის საჩვენებლად გაკეთდა, იმაზე დაუფიქრებლად, რომ ამით კორპორატიული სოლიდარობა უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე საზოგადოების უფლება – მიეღო სწორი ინფორმაცია. არადა, რა ფასი აქვს ჟურნალისტიკას, რომელიც ინფორმაციას ამახინჯებს?
ეს კონკრეტული შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა იმ სენისა, რომელიც ქართულ „კრიტიკულ“ მედიასა და მათ უცხოელ პარტნიორებს სჭირთ. ნებისმიერი კრიტიკა და ბრალდება, რომელიც მედიის მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული, როგორც ნამდვილი, სამართლიანი და ჭეშმარიტი, მხოლოდ იმის გამო, რომ ჟურნალისტის მხრიდან მომდინარეობს. ამავე დროს, ხელისუფლების ოფიციალური პირების მხრიდან ეჭვის ნებისმიერი გამოხატვა, თუნდაც არგუმენტებით გამყარებული, მიიჩნევა „ლეგიტიმური მედია საშუალებების დისკრედიტაციად და მედიისადმი გაძლიერებული უნდობლობის გაღრმავებად“, როგორც ეს ზემოთ ხსენებულმა რამდენიმე უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა. ხოლო, თუკი, ღმერთმა არ ქნას, ოფიციალური პირი კრიტიკას გაიმეორებს, მაშინ მისი პოზიცია უკვე როგორც მედიის წინააღმდეგ „სისტემური ზეწოლა“ ფასდება.
ჟურნალისტების მიმართ კრიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ნორმალურად უნდა იქნეს მიღებული. მეტისმეტად მონდომებული უცხოური ორგანიზაციები კი იმდენად ცდილობენ, „გამოავლინონ“ მედიის თავისუფლების დარღვევები, რომ მედიის მიმართ ნებისმიერ, თუნდაც სამართლიან, კრიტიკას კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედია საშუალების „საჯარო დისკრედიტაციად“ აფასებენ.
საქართველო ჟურნალისტებისთვის თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში. ყოველთვის, როცა უზუსტობას დაუშვებენ, კრიტიკას მიიღებენ“, – წერს პაპუაშვილი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პაპუაშვილი თავს ესხმის გელა მთივლიშვილს.
2023 წლის 9 აგვისტოს, შოვის მეწყრიდან 6 დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი ჩაატარა და მისივე თქმით, „მთის ამბებისა“ და ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ყალბი ამბები გააბათილა“.
14 სექტემბერს მან მთივლიშვილს „თვითგამოცხადებული ჟურნალისტი“ უწოდა.
2024 წლის 20 თებერვალს პაპუაშვილმა მოითხოვა განმარტება, რატომ მოხვდა ევროკავშირის პრიზის ფინალში მთივლიშვილის რეპორტაჟი.