პაპუაშვილი: იმედი მაქვს, ევროპული ქვეყნები სერიოზულად შეხედავენ ამ საკითხს და კეზერაშვილს გადმოგვცემენ

პუბლიკა

„იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ შეხედავენ სერიოზულად ევროპული ქვეყნები ამ საკითხს და დავით კეზერაშვილი გადმოეცემა საქართველოს იმისთვის, რომ მან მოიხადოს სასჯელი“, – განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ გამოძიებით გაჩნდა ეჭვი, რომ კეზერაშვილი „არის ევროპელი პენსიონერების თაღლითურად გაძარცვაში მონაწილე, შესაბამისად ფული, რომელიც იხარჯება მის მიერ ქართულ პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში, ამ ფულში არის, როგორც ჯარისგან მოპარული ფული, ასევე ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით დაუფლებული ფული“.

„სამწუხაროა, რომ ხდება იმავე შეცდომის გამეორება, რაც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული, როდესაც ის შეფარებული იყო ევროპის ქვეყნებში და იქიდან ურევდა აქ სიტუაციას. ახლა დავით კეზერაშვილია შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს სიტუაციას საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, თაღლითური სქემის შედეგად ფულის გამოძალვის საქმის ცენტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ფორმულას“ თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილია.