დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროპაგანდისტული „იმედისთვის“ ევროპარლამენტში ერთი წლით საქმიანობის აკრძალვის შესახებ შალვა პაპუაშვილი აცხადებს, დღეს ბრიუსელი მართალ სიტყვას უფრთხის.
„ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია…
სწორედ ეს არის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც არის, რომ დაიხუროს თავისიფალი მედია და მუქარას დიდი ხანია ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ახლა თავის რაღაც ვიწრო წრეში, ასე ვთქვათ, პატარა პწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ“, – აცხადებს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, მისთვის აღმოჩენა იყო, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების შემოღების გამო „ევროკავშირმა საქართველოს პარლამენტის გასაშავებლად ათიათასობით ევრო დახარჯა“, თურმე ევროპარლამენტში უფრო მკაცრი წესებია, ვიდრე საქართველოს პარლამენტში.
„საქართველოს პარლამენტში, იცით, ერთ-ერთი წესია, თუკი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუ, ჟურნალისტს შეუძლია, დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეტყვის, რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს. რა აღმოჩნდა ევროპარლამენტში? თურმე წინასწარი თანხმობაა საჭიროა. საინტერესოა. ვიფიქრებთ ამაზე.
მეორე – როდესაც ირღვევა საქართველოში წესი, რა გვაქვს ჩვენ? სანქცია. სანქცია არის ერთი თვით აკრედიტაციის შეჩერება და განმეორების შემთხვევაში – 6 თვით. რამდენი ხნით შეუჩერეს იმედს? ერთი წლით. კარგია, ამაზე ვიფიქრებთ.
ვაპირებ, ვიფიქრო, შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში, კერძოდ, წინასწარი თანხმობა რომ მიიღოთ რესპონდენტებისგან, თუკი ევროპული წესი ეს ყოფილა. ჩვენთან პირველ ჯერზე არის 1 თვე, მეორე ჯერზე არის 6 თვით აკრედიტაციის შეჩერება და ევროპარლამენტში პირველივე ჯერზე ერთწლიანია, ამიტომ, ამაზეც ვიფიქრებ.
არსებობს კარგი სიტყვა „ფარისევლობა“, უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობაა ევროპარლამენტში, ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს პარლამენტს და თავდასხმის ობიექტი იყო იმის გამო, რომ შეეცადა, მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში… ძალიან კარგი, მივიღე ცნობად, რა წესები არის ევროპარლამენტში. ხომ ნახეთ, რა ყოფილა ევროპარლამენტის წესი, ვიფიქრებთ აუცილებლად, რომ ჩვენთანაც იგივე წესები გავრცელდეს თუ არ გავრცელდეს“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება მოლდოვის გადაწყვეტილებას, რომ „იმედი“, „რუსთავი 2 “ და POS TV ვერ მიიღებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის აკრედიტაციას, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოლდოვისგან ეს არ უკვირს.
„მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე მედია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე და ყველგან გამართლებას პოულობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პრორუსული. მარტივია, მიაკერო იარლიყი, როგორც ასი წლის წინ აკეთებდნენ ამას. ვინ არის შენი განმკითხავი?! მოლდოვის პრეზიდენტს ტაშს უკრავენ წითელ ხალიჩაზე. იტყვის, ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა. არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სანქცირებულ პროსამთავრობო „იმედს“ ევროპარლამენტში მუშაობა ერთი წლით შეეზღუდება – ინფორმაციას თავად „იმედი“ ავრცელებს.
„ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა. დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო „იმედი“, „რუსთავი 2 “ და POS TV ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებს ტელეკომპანია „იმედი“.
არხი მიიჩნევს, რომ მოლდოვის მოლდოვის მთავრობის ეს გადაწყვეტილება პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და „დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმაა“.
რაც შეეხება ევროპარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას, „იმედის“ ეთერში ნაჩვენები ოფიციალური წერილის თანახმად, „იმედის“ ჟურნალისტმა 10 მაისს თანხმობის გარეშე ჩაწერა ევროპარლამენტარი და ამით დაარღვია შიდა განაწესი; ტელევიზიის წარმომადგენელმა მსგავს ქმედებაზე 22 აპრილსაც მიიღო გაფრთხილება.