პაპუაშვილი მატრონა მოსკოველის ხატის საკითხს ეხმაურება — არაფერს ამბობს „ალტ ინფოს" მუქარაზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის ხატს და მასზე გამოსახული სტალინის ირგვლივ ვნებათაღელვას ეხმაურება. ის გასული კვირის ამბებს მიმოიხილავს და ოპოზიციას და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებს „რადიკალებს” უწოდებს. თუმცა, არაფერს ამბობს აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან  აგრესიული, ძალადობრივი, პროსუსული „ალტ ინფოს” შეკრებაზე, რომელთაგან დასაცავადაც ფერაძეს პოლიცია დასჭირდა.

შალვა პაპუაშვილი ვრცელ წერილში, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ასევე არაფერს ამბობს „ალტ ინფოს” მუქარაძე ნატა ფერაძის მიმართ, რომ თუ აქტივისტს „სახელმწიფო არ მიხედავს, ამას თავად გააკეთებენ”.

პარლამენტის თავმჯდომარე გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებს უწოდებს „რადიკალური ოპოზიციის ახალ შეტევას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“.

ასევე, აცხადებს, რომ „ეკლესიაზე მსგავსი მტრული შეტევები არა გულწრფელად გზააბნეული ადამიანებისგან მომდინარეობს, არამედ შეთანხმებული, ბოროტგანზრახული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია იმ სიმბოლოებისა და ღირებულებების დამცირება, რომელთა გარშემოც ისტორიულად ერთიანდებოდნენ ქართველები“.

„ამ ადამიანების მტრული რიტორიკა გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ, ევროპულ ღირებულებებთან. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთის შემავსებელი და განმამტკიცებელიც კია”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ ქრისტიანობაში ტირანის ხატზე გამოსახვა დაშვებულია.

„უბისის ტაძარში ქრისტიანების ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე მდევნელი, იმპერატორი დიოკლეტიანე სამეფო დიდებულებითაა გამოსახული, რომელიც წმინდა გიორგის ესაუბრება. დასავლეთ ევროპის ტაძრების ფრესკები მოწმობს, რომ ამგვარი პასაჟები არც დასავლური ქრისტიანობისთვისაა უცხო. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვაჩვენოთ ოპონენტების ნამდვილი განზრახვა. ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ მედიაში ატეხილი ხმაურიანი კამპანია ხატის ფრაგმენტს ქრისტიანულ ხატწერაში მიღებული ჩანართის ნაცვლად, „სტალინის ხატად“ წარმოაჩენდა და ამით უფრო ამწვავებდა დეზინფორმაციის მათთვის სასურველ ეფექტს”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე მტკიცებით, ეკლესიაზე იერიშის პარალელური ხაზია მოსაზრება, რომ შობა არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერს უნდა აღინიშნებოდეს.

„ოპოზიციამ ეს საეკლესიო კანონიკური საკითხი იარაღად გამოიყენა და შობის აღნიშვნას „რუსული შობა“ უწოდა. სინამდვილე კი ისაა, რომ შობის იულიანური კალენდრით აღნიშვნა ქართული ტრადიციაა, რომელსაც არც რუსეთთან აქვს რაიმე საერთო და არც რუსულ ეკლესიასთან. ეს ტრადიცია არსებობდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე რუსეთი გაქრისტიანდებოდა. საინტერესოა, რომ დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები აღდგომასაც სხვადასხვა თარიღით აღნიშნავენ, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია და მასთან აფილირებული აქტივისტები, ამას, რატომღაც, არ აპროტესტებენ”, – აცხადებს ის.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული სტალინის და შობის თარიღის საკითხი „რადიკალებმა ილია მეორეზე თავდასხმისთვის გამოიყენეს”.

„ამ მტრული კამპანიით ოპოზიცია და მასთან აფილირებული ადამიანები ცდილობდნენ პატრიარქი, ეკლესია და ხელისუფლება რუსეთთან დაეკავშირებინა. გარე დამკვირვებლისათვის ამ შეთანხმებულმა კამპანიამ მართლაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქართული ეკლესია და მისი წინამძღოლი, ხელისუფლებასთან ერთად, რუსული პროპაგანდის გამტარებელია, რომელიც თაყვანს სცემს სტალინს და რუსეთის კულტურულ გავლენას ავრცელებს”, – წერს პაპუაშვილი და დასძენს, რომ ეს ყოველივე შეთითხნილი ბრალდებაა.

გთავაზობთ შალვა პაპუაშვილის წერილის დანარჩენ ნაწილს სრულად: 

„ის პოლიტიკოსები და „სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები“, რომლებიც ეკლესიას უტევენ, თუ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, როგორც ქრისტიანები, ხატწერის თავისებურებებით თუ საეკლესიო დღესასწაულების თარიღებით, მაშინ ეს საკითხები ეკლესიასთან უნდა გაარკვიონ, როგორც მრევლის წევრებმა. უფრო მეტიც, ისინი თავისუფალი არიან შეუერთდნენ ნებისმიერ სხვა კონფესიას, რომელიც შობას მათ სასურველ დღეს აღნიშნავს. მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ ისინი ეკლესიას თავიანთი მტრული რიტორიკით გარედან უტევენ, მოწმობს, რომ მათი ნამდვილი მიზანი ეკლესიის დაზიანებაა, რითაც რელიგიური და საერო სივრცის გამყოფ ხაზებს უგულებელყოფენ.

საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ცხადადაა გაყოფილი. მათი ურთიერთობები ე.წ. კონკორდატის საფუძველზე რეგულირდება, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიდო და რომელიც საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს აღიარებს. კონკორდატს, ნაწილობრივ, იმიტომაც მოეწერა ხელი, რომ ეკლესიისთვის აენაზღაურებინა ზიანი, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დროს, რუსული ოკუპაციის პერიოდში მიადგა. სახელმწიფოს ეკლესიისგან გამიჯვნა საქართველოში უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, აურჩეველი საეკლესიო იერარქები საკანონმდებლო ორგანოს მაღალ საფეხურებს იკავებენ, ზოგან კი სახელმწიფო რესურსები ეკლესიისთვის გადასახადების აკრეფაში იხარჯება. დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას „პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ. ჯერ ერთი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სწორედ რუსეთმა ჩამოართვა ქართულ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, საქართველოს ეკლესიას ორჯერ მოუხდა ავტოკეფალიის აღდგენა. არც ერთი ქართველი სასულიერო პირი არც კი იფიქრებს, რომ თავისი ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს, თუნდაც იმის გამო, რომ რუსული ეკლესია საუკუნეებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჩვენი ეკლესია. რაც შეეხება რელიგიურ მხარეს, არსებობს ევქარისტიული კავშირი ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის, რადგან ორივე მართლმადიდებელი ეკლესიაა, ისევე, როგორც კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის, რუმინეთის და სხვა ეკლესიები.

1970-იან და 80-იან წლებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული გამოღვიძებისა და დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელახლა დაბადების ადგილი იყო. პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო თავის მრევლში ახალგაზრდა დისიდენტები და სულიერი საზრდო მისცა მათ პატრიოტულ ოცნებებს დამოუკიდებლობაზე. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს შეუძლიათ თქვან, რომ, დიდ წილად, სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს თავისუფლებისათვის მტკიცე მებრძოლებისთვის, ალბათ, ძალიან მტკივნეულია, როდესაც მათ ბრალად პრორუსულობას სდებენ.

ამიტომაც, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, არა მარტო არასწორი, არამედ დასაგმობია, ვინაიდან ეს მცდელობები საზოგადოების გახლეჩას იწვევს, დასავლელ პარტნიორებში კი საეჭვო „აღქმებს“ წარმოშობს. ყველასათვის ცხადია, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღოლი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამიტომ, რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს. ამგვარი მტრული რიტორიკის შედეგად ზოგიერთმა ადამიანმა, შესაძლოა, მართლაც იფიქროს, რომ დასავლური ღირებულებები შეუთავსებელია ქართულ ტრადიციებთან და რწმენასთან.

ამგვარ ანტისაეკლესიო რიტორიკას საზოგადოება სულაც არ აღიქვამს, როგორც დრომოჭმული ტრადიციების კრიტიკას პროგრესული ძალების მხრიდან. პირიქით, ქართველების უმრავლესობას ეს კამპანია ეკლესიაზე ბოლშევიკების თავდასხმას აგონებს, რომელმაც ქართული სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გაანადგურა. არ არის გასაკვირი, რომ რადიკალები, განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი პარტიები, როგორებიცაა „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ და „ევროპული საქართველო“, ხალხში ნეობოლშევიკებად მოიხსენებიან. აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არ გააიგივოს ეს რადიკალები დასავლურ ლიბერალიზმთან, როგორც ისინი თავს წარმოაჩენენ. ამგვარი აღქმები პოტენციურად დამაზიანებელია ქართველების უდიდესი ნაწილის სურვილისათვის, მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია.

„ქართული ოცნება“ ქართული ეკლესიის ღირებულებებს იზიარებს, თუმცა საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია. ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა, ახლა ჩვენი ისტორიის ახალი დიდი ეტაპისკენ, ევროკავშირის წევრობისაკენ მივყავართ. რადიკალების ცილისმწამებლური კამპანიის ნამდვილი მიზანი არა ეკლესიაზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ ეკლესიისა და ხელისუფლების დაზიანება და ჩვენი საერთო ისტორიული ძალისხმევისთვის ხელის შეშლაა”.