„თუ ნატა ფერაძეს სახელმწიფო არ მიხედავს, ამას ჩვენ გავაკეთებთ" — „ალტ ინფოს" მუქარა

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი „ალტ ინფო” აქტივისტ ნატა ფერაძეს ემუქრება.

„აბსტრაქტულად არ ვამბობ, ჩვენგან, კონკრეტულად ვამბობ – თუ ნატა ფერაძეს სახელმწიფო არ მიხედავს, ამას ჩვენ გავაკეთებთ”. – თქვა ზურაბ მახარაძემ დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე – „სულ არ მაინტერესებს, ეგეთი სამართალი თუ აქვთ მაგათ – მაგას ან სახელმწიფო მიხედავს, ან სხვანაირად მიეხედება. არ შეიძლება, ეგეთი რაღაცა გატარებული იქნეს”.

მოძალადეთა ჯგუფმა აქცია პარლამენტთან დღეს, 13 იანვარს გამართა მოთხოვნით, დაისაჯოს ყველა, ვინც მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი შეასხა. ხატზე საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

„ალტ ინფომ” პოლიციაში ნატა ფერაძის დასჯის მოთხოვნით განაცხადი შეიტანა, შემდეგ კი აქციაზე შეკრებილ ხალხთან ერთად სამების ტაძრისკენ მსვლელობით დაიძრა.


9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომ სამებაში რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი სტალინიც არის გამოსახული, საღებავი აქვს შესხმული.

ინფორმაცია, რომ ასეთი ხატი ქვეყნის უდიდეს ტაძარშია, 6 იანვარს გავრცელდა.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „მთავარ არხთან“ თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

მალევე გაირკვა, რომ ხატი სამების ტაძარს პრორუსულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა.  ​

10 იანვარს პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს” წევრები და მხარდამჭერები ნატა ფერაძის სახლისკენ დაიძრნენ. ფერაძის სახლს პოლიცია იცავდა. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აქციაზე ამბობდნენ, რომ „პოლიციას მიაწვებიან, მიიღონ გადაწყვეტილება, გადაიყვანონ ნატა ფერაძე „კაპეზეზე“.

11 იანვარს საპატრიარქომ ხატის შემწირველებს – „პატრიოტთა ალიანსს” მიმართა, შეიტანონ ცვლილებები ხატში, კანონიკის შესაბამისად, ან ამას თავად გააკეთებენ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხატის შეცვლის გადაწყვეტილება პატრიარქთანაა შეთანხმებული.

პასუხად ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მისთვის სრულად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია, მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, „კანონიკის შესაბამისად შეიცვალოს”. თუმცა, მისივე თქმით, „დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო და მეორე -ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ”.