პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია ევროპის პასუხისმგებლობაა, ვინაიდან მათ მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი „შეიფარეს“.
„საქართველოში რადიკალიზაციამ რომ დაიწიოს და პოლარიზაცია შემცირდეს, ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, „ვნახეთ სააკაშვილის შეფარების შედეგი – რევოლუციური გეგმები”. ამასთან, სანამ ევროპა საქართველოს დასახელებულ ადამიანებს არ გადასცემს, „მათი პრეტენზიების მიმართ სხვა პასუხები აქვთ”.
„ჩვენს ევროპელ კოლეგებთან თუ გახსოვთ, გასულ წელს, წლიური ანგარიშის დროს ვთქვი, რომ სინამდვილეში საქართველოს პრობლემა არის არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაში. საქართველოში რადიკალიზაციამ რომ დაიწიოს და პოლარიზაცია შემცირდეს, თავისი წვლილი უნდა შეიტანონ ევროპელებმაც, ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი. როდესაც დავით კეზერაშვილს საქართველოს არ გადასცემ, იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპაში აფარებდა თავს, არ გადმოგვცემდნენ და ვნახეთ შედეგი, რაც იყო – რევოლუციური გეგმები. ზურაბ ადეიშვილი უკრაინაშია და ევროპაშიც დადის. სხვა დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სისხლის სამართლის საქმეებით და სამი ინსტანციით მიჩნეულები არან დამნაშავეებად, უნდა გადმოგვცენ. ეს იქნებოდა მათი წვლილი დეპოლარიზაციაში. მანამ, სანამ დავით კეზერაშვილი შეფარებლი ჰყავთ და თან ვისმენთ პრეტენზიებს საქართველოს მიმართ, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, იმ ევროპისგან, რომელიც ქვეყანაში ურევს სიტუაციას და აფინანსებს რადიკალიზმს – ჩვენ ჩვენი პასუხები გვაქვს”. – ამბობს შალვა პაპუაშვილი.
დეპოლარიზაცია ერთ-ერთია 12 პუნქტიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაავალა.