პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ სიტყვაა მნიშვნელოვანი, ომბუდსმენობის კანდიდატი ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება. მისი თქმით, პროცესი დამოკიდებულია ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე და აუცილებელია, კანდიდატი „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იყოს.

„სახალხო დამცველის შერჩევას რაც შეეხება, იცით, რომ მიმდინარეობს კონსულტაცია, დამოკიდებულნი ვართ ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე. მნიშვნელოვანია, კვალიფიციური უმრავლესობისთვის მისაღები იყოს კანდიდატი და მეორე, საქართველოს უმრავლესობას წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და თუ ვინმეს სიტყვას აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ფრაქციას და სიტყვას აქვს მნიშვნელობა და ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები უნდა იყოს ომბუდსმენობის კანდიდატი და შესაბამისად, უმრავლესობის წარმომადგენელი „ქართული ოცნებაა“ და „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს მისაღები ის.“ – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

გუშინ, 13 დეკემბერს ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების დახურული, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, ამიტომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მომდევნო შეხვედრა პარასკევს, 16 დეკემბერს გაიმართება. „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის 7 კანდიდატზე აგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან. ესენი არიან: გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.