„ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა”, – ასე ეხმაურება საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბჭოთა ოკუპაციის თარიღს.
2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა.
„ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია – საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხი საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია. მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი ძალისხმევისა მაშინდელმა ახლადშექმნილმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო გამკლავებოდა ბოროტ ძალას, რომელმაც ჩვენ ქვეყანას მოუსპო განვითარების და თავისუფლების პერსპექტივა.
ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავ მოუხდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ძირძველი ნაწილი ოკუპირებულია.
განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი, სუვერენული და თავდაჯერებულები ვართ. ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი”, – წერს პაპუაშვილი facebook-ზე.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.