პაპუაშვილი: თუ კობახიძე პრემიერი გახდება, ეს იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „თუ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდება, ეს იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის“.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს და ამ მოწვევის პარლამენტს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.

„ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ხვალ იქნება განხილული პოლიტსაბჭოზე. თუ ის გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი ქართული დემოკრატიისთვის, ვინაიდან პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე გადავიდა, პრემიერ-მინისტრი წამოვა საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის საპარლამენტო დემოკრატიების მიზანი და იდეა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილი მთავრობაში.

ამიტომ, ვფიქრობ პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას ეს სხვა დინამიკას შესძენს. ოპოზიციისთვისაც ეს არის ძალიან პოზიტიური მოვლენა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობა კიდევაც – როდესაც ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში.

ეს მოვლენაც, რომ პარლამენტის წიაღიდან იყვნენ მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, ესეც ახალ დინამიკას აძლევს ჩვენს დემოკრატიას და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა არის ერთი პოლიტიკური გუნდი[…] რიგ შემთხვევებში, თქვენ ალბათ იცით, რომ მთავრობის წევრები, ამავე დროს არიან ხოლმე პარლამენტის წევრები. ამიტომ, ეს არის სწორედ ის ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხდებით ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა ნიშნავს, რომ პარლამენტს მთავრობის დამტკიცება ხელახლა მოუწევს. სამთავრობო ტელეარხის, „იმედის” ცნობით, ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე იქნება – ისინი თანამდებობებს ცვლიან.

ყრილობა, სადაც „ქართული ოცნება” ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევს, 1-ლ თებერვალს გაიმართება.